სოფელ ხულგუმოს მცხოვრებლები ჩივიან, რომ ოდნავი უამინდობის შემთხვევაში, სოფლის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამ პრობლემით არა მარტო ხულგუმოს, არამედ ორჯას, კორხის, თოთხამის, ხანდოს და ა.შ. მცხოვრებლები ზარალდებიან. ენერგოგამანაწილებელი კომპანია „Energo Pro Georgia“-ს პიარ მენეჯერის თქმით, ეს პრობლემა მოგვარების სტადიაზეა.
ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელ ხულგუმოს ქვედა (სამხრეთ) ნაწილის მოსახლეობა ელექტროენერგიის მუდმივ გათიშვას განიცდის. მათი თქმით, პრობლემა უკვე 10 წელია არსებობს.
„თუ რაიონში მცირე ქარია, თუნდაც ოდნავი, სოფლის ნაწილი, ქალაქის მხარე, 4-7 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე რჩება. სოფლის მეორე ნაწილში ეს არ მომხდარა. გარდა იმისა, რომ ხალხი ბანაობს და ა.შ., გათბობაც ითიშება. ისეთი სახლი არ არის, სადაც გათბობა არ იყოს, სახლში ყველას 2-3 პატარა ბავშვი და მოხუცი ჰყავს“, – კომენტარს აკეთებს სოფლის მკვიდრი.
როგორც Jnews-თან საუბარში Energo Pro Georgi-ს პიარ მენეჯერმა აღნიშნა, კომპანია უკვე ახორციელებს სარეაბილიტაციო პროექტს, რომლის ფარგლებშიც სოფელ ხულგუმოს პრობლემა მოგვარდება.
„სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება ორი ტრანსფორმატორიდან, სხვადასხვა დენის წერტილიდან. ამის გამო ავარიის დროს, თუ 1 მათგანი დაზიანდა, სოფლის ნახევარს არ აქვს შუქი, მეორე ნახევარს კი აქვს. ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით პროექტს ახორციელებს, ზუსტად იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემა ხულგუმოში მოგვარდეს. ჩვენ უკვე შევუკვეთეთ დახურული ზიპ კაბელი, ის არ არის მიწის და ამიტომ ქარისგან არ დაზიანდება. ეს მინიმუმამდე დაიყვანს ავარიისა და დაზიანების ალბათობას“, – კომენტარი გააკეთა მან.
მისი თქმით, კომპანიის გათვლებით, ეს პრობლემა ახალ წლამდე მოგვარდება.