25 ნოემბერს თბილისში წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი საცეკვაო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საცეკვაო ანსამბლებმა, მათ შორის სოფელ ვარევანის საცეკვაო ანსამბლმა. ფესტივალზე ქორეოგრაფი მანველ საარიანი “ამაგდარის” ორდენით დაჯილდოვდა.

მანველ საარიანი ქორეოგრაფად ორ სოფელში მუშაობს _ ხანდოში და ვარევანში. ვარევანის საცეკვაო ანსამბლნა საქმიანობა წელს დაიწყო, ხოლო ხანდოს საცეკვაო ანსამბლი უკვე 7 წელია მოქმედებს. ამ ფესტივალზე საარიანი ანსამბლ ვარევანთან ერთად წარდგა.

მანველისთვის ორდენის მიღება მოულოდნელობა იყო.

2

“ჩემთვის ეს მოულოდნელი ჯილდო იყო, რადგან, როგორც ახალგაზრდა ქორეოგრაფი, არ ველოდი ასეთ ჯილდოს, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა ასაკში ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა საქართველოს საცეკვაო ხელოვნებუს საბჭოს მიერ დაფასდა, ჩემი მოსწავლეების მადლობელი ვარ, რადგან მათი ბრწყინვალე გამოსვლის წყალობით დამაჯილდოვეს ორდენით”,- ამბობს მანველი.

ის სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მონაწილეობდნენ ფესტივალებში, ხოლო უახლოეს მომავალში სომხეთში და ევროპის ქვეყნებში გეგმავენ გამგზავრებას.

par varevan

სოფელ ხანდოს და ვარევანის საცეკვაო ანსამბლების მოსწავლეები კვირაში სამჯერ დადიან ცეკვაზე, არის ბავშვების სხვადასხვა ასაკის ჯგუფი: 3-6, 7-10 და 10-18 წლის.

ცეკვისადმი სიყვარული მანველს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა. ის ცეკვით ბავშვობიდან არის დაკავებული, ხოლო 2017 წელს Smart school საგანმანათლებლო ცენტრთან დაიწყო მუშაობა, რის შემდეგაც თითქმის ოთხი წელია დამოუკიდებლად მუშაობს.

“ამ წლების განმავლობაში მე და ჩემმა ანსამბლმა სხვადასხვა ჯილდო მოვიპოვეთ. 2018 წელს მე ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში დრამატული თეატრის სარეჟისორო ფაკულტეტზე მიმიღეს. მომავალში მოსალოდნელია თეატრალურ ხელოვნებასთან დაკავშირებული სიურპრიზები”,- დაამატა მან.

მანველი განსაკუთრებული შთაგონებით საუბრობს ორივე ანსამბლზე.