ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში აფოზიანების ოჯახი რთულ პირობებში სამ მცირეწლოვან შვილს ზრდის. მათგან ორს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ბავშვებს თბილისში გამოკვლევა სჭირდებათ, მაგრამ ოჯახს ფინანსური საშუალება არ აქვს. ოჯახის მამა, მკრტიჩ აფოზიანი დახმარებას ითხოვს საზოგადოებისგან, რათა ბავშვების ჯანმრთელობა მაინც დასტაბილურდეს.
აფოზიანებს სამი შვილი ჰყავთ: ორი გოგო და ერთი ვაჟი. მათგან ორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ვაჟი ხაჩიკი 13 წლისაა, მას გულის მანკი აქვს და უკვე ორი თვეა თავს ცუდად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ბავშვობიდანვე აღენიშნებოდა უგუნებობა, მშობლებმა ხაჩიკის ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.
მარიანა 5 წლისაა, ის ცერებრალური დამბლით დაიბადა, ასევე ბავშვობიდან აწუხებდა უგუნებობა.
ხოლო მეორე ქალიშვილი, 9 წლის არმინე დედას ეხმარება, უვლის და პატრონობს უმცროს დას.
„მას (13 წლის ხაჩიკს) აჩქარებული გულისცემა აქვს, კონკრეტულად რა პრობლემაა, ვერ გეტყვით, რადგან გამოკვლევაზე არ წაგვიყვანია. ყოველ ჯერზე, როცა ცუდად ხდება, სასწრაფოს ვიძახებთ, მოდიან და ახალქალაქის საავადმყოფოში მიჰყავთ, წამლებს აძლევენ, ინექციებს უკეთებენ, სახლში მოგვყავს და რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ისე ხდება. ექიმები ამბობენ, რომ თბილისში უნდა წავიყვანოთ, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. გულისცემა წუთში 130 დარტყმამდე იზრდება“, – ამბობს სამი შვილის დედა ნაზი ჩხიკვაძე.
5 წლის მარიანა პირველი კატეგორიის ინვალიდია.
„ჩემს უმცროსს სიარული არ შეუძლია და დროდადრო ცუდად ხდება. ახლა ეტლი გვაქვს, მაგრამ ბავშვი მასზე დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს და ვარდება. ახლა მერიაში განცხადება შევიტანე, ელექტრონული ეტლის უზრუნველყოფაზე დაგვარეგისტრირეს, ველოდებით“, – დაამატა ნაზიმ.
დედის თქმით, ერთი წლის განმავლობაში ბავშვი 4-ჯერ გახდა ცუდად, ახალციხეში წაიყვანეს, ექიმმა გადაამოწმა და უთხრა, რომ თბილისში უნდა გაიაროს გამოკვლევა და შესაბამის მკურნალობას იქ დაუნიშნავენ, მაგრამ აფოზიანებს კვლავ ფინანსური სახსრების არარსებობა აკავებს.
თავად ნაზიც არის ავად. ოთხი წლის წინ მან გულის ოპერაცია გაიკეთა. ჯანმრთელობის პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა მესამე შვილზე ორსულად იყო. ორსულობის მე-7 თვეში სისხლდენა დაეწყო და ნაადრევად იმშობიარა. ამ დროს მას ოპერაცია გაუკეთეს, კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ხშირად აქვს მაღალი ტემპერატურა.
მკრტიჩ აფოზიანის ოჯახის ძირითადი საარსებო საშუალება სახელმწიფოს მიერ გაცემული სოციალური შეღავათებია. ნაზის მძიმე ფიზიკური სამუშაოს გაკეთება ეკრძალება, ცოლის ჯანმრთელობის პრობლემების გამო მკრტიჩი საზღვარგარეთ სამსახურში ვერ მიდის, თუ სამუშაო არის, ადგილზე მუშაობს. სახლი, სადაც ისინი ცხოვრობენ, მათი არ არის, მკრტიჩის მეგობრის ბაბუის სახლია.
ნაზის თქმით, ამჟამად მათი სოციალური დახმარება შეჩერებულია, რადგან ბოლო დროს ჩამოვიდნენ და სოციალური ქულები დაითვალეს. აქამდე ისინი 900 ლარს იღებდნენ, ახლა უკვე შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი უნდა მიიღონ, რადგან ეს დამოკიდებულია სოციალურ ქულებზე. მათი მცირეწლოვანი შვილი ინვალიდობის პენსიას 170 ლარს იღებს.
აფოზიანები მოწყალე ადამიანებისგან დახმარებას ელოდებიან.
ვისაც სურს აფოზიანებისთვის დახმარების გაწევა ამ მძიმე პირობებიდან გამოსვლაში, შეუძლია მკრტიჩ აფოზიანს დაურეკოს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 579 95 05 44.
ან თუ ვინმეს ფინანსური დახმარების გაწევა სურს, სასურველი თანხის გადარიცხვა შეუძლია საბანკო ანგარიშზე GE16LB0211128744526000, ნაზი ჩხიკვაძის სახელზე.