უკვე რამდენიმე დღეა ახალქალაქი-ახალციხის გზაზე შოთა რუსთაველის ძეგლთან მოსახვევთან ხეები იჭრება. ახალქალაქის მერის ინიციატივით მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.
ახალქალაქში და სოფლებში ხეების მოჭრის სამუშაოებს ახალქალაქის სერვისცენტრი ახორციელებს.
«ვჭრით იმ ხეებს, რომლებიც ფესვიანად არის გაფუჭებული, ძალიან მაღალია და გვერდებზეა მიწოლილი. ეს ხეები ნებისმიერ დროს შეიძლება წაიქცეს, და ვერავინ იტყვის ამ დროს მანქანა გაივლის თუ არა. მაკარიანის ბრძანებით შეშას სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავურიგებთ»,- გვაცნობა ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა.
მერიამ სერვისცენტრს სოციალურად დაუცველი ოჯახების სია გადასცა, რომლის მიხედვითაც ხეების მოჭრის შემდეგ, სერვისცენტრის მომუშავეები, ხეებს 20 გაჭირვებულ ოჯახს დაურიგებენ. დაახლოებით 10 ოჯახმა შეშა უკვე მიიღო.
ხეების მოჭრის სამუშაოები სერვისცენტრის ფინანსური სახსრების ხარჯზე მიმდინარეობს.
«ეს ხეები დიდი ხნის წინ უნდა მოჭრილიყო. უკვე გვყავს ამწე კრანი, რომელსაც 22 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია ასვლა, ამიტომ უკვე შეგვიძლია მოჭრა»,- დაამატა რსტაკიანმა.
ხუთი ხე უკვე მოჭრილია.
სერვისცენტრის მონაცემებით, ხეების მოჭრა რეგიონის რამდენიმე სოფელშიც ჩატარდება.