ახალქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, თუმცა მშენებლები შიშობენ, რომ უამინდობამ შესაძლოა მშენებლობის დროულად დასრულებას შეუშალოს ხელი.

მოქმედი სასწრაფო დახმარების შენობის წინ ახალი სასწრაფო დახმარების შენობა შენდება. უკვე გაკეთებულია გამტარობა, დენი, კედლები აშენებულია და ამჟამად კეთდება სახურავი.

“უამინდობა მოქმედებს, წესით ახლა სახურავი უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ უამინდობის გამო ვერ ვასრულებთ. კარტოფილის სეზონმაც შეგვიშალა ხელი, რადგან ჩვენი მუშები თავიანთ კარტოფილს კრეფენ. მაგრამ საერთო ჯამში სამუშაოები ნორმალურად მიმდინარეობს, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე. თუ ზამთარი ადრე დადგება და ყინვები იქნება, შესაძლოა პრობლემები გაგვიჩნდეს. ფანჯრები უკვე შევუკვეთეთ. ვცდილობთ დროულად დავამთავროთ, ვნახოთ”,- ამბობს მშენებელი ვარდან ჩოლახიანი.

Дизайн без названия - 1

ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა 3 აგვისტოს დაიწყო. ის ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში, სასწრაფო დახმარების ძველი შენობის წინ მდებარეობს.

ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა. საწყისი თანხა 459 451 ლარი იყო, ტენდერი ახალქალაქელმა ინდმეწარმემ სერგეი ჩოლახიანმა 420 200 ლარის ოდენობით მოიგო. მშენებლის თქმით, მშენებლობა 6 თვეში დასრულდება. მშენებელთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს დაიდო.

Дизайн без названия - 1

2019 წლიდან საქართველოში 300-მდე კლინიკის რეკონსტრუქციის, 100-ზე მეტი ახალი კლინიკისა და 40 სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო. მაშინ ხელისუფლებამ 20 მილიონი ლარი გამოყო პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ახალქალაქს.

თავიდან ახალქალაქში სასწრაფო დახმარების შენობის ასაშენებლად ადგილის პოვნას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ ახალი კორპუსის მშენებლობა გაჭიანურდა. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.

” rel=”noopener” target=”_blank”>ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ახალი შენობის აშენება დაიწყეს