ამ დღეებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 22 სკოლაში დირექტორების არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის დირექტორების თანამდებობაზე სერტიფიცირებული კანდიდატების სია დაამტკიცა, რომლებიც არჩევისა და დამტკიცებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოებს წარედგინათ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 65 სკოლიდან 22-ში დირექტორობის კანდიდატებმა ატესტაცია უკვე გაიარეს.
გთავაზობთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იმ სკოლების ჩამონათვალს, რომელიც გამოქვეყნებულია განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე:
აბული, აზავრეთი, არაგვა, ბარალეთის №1, ბოზალი, ბუზავეთი, გოგაშენი, კოკიო, გომანი, დადეში, დილისკას №2, ზაკვი, კულიკამი, ლომატურცხი, მარტუნი, მოდეგამი, მურჯახეთი, ოკამი №1, ტურცხი, ქარცეფი, ხავეთი, ხორენია.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან Jnews-ს აცნობეს, რომ დირექტორების თანამდებობებზე სერტიფიცირებული კანდიდატების შერჩევა უკვე დასასრულ ეტაპზეა და უახლოეს ერთ-ორ დღეში ზემოაღნიშნულ სკოლებში შერჩევა დასრულდება, რის შემდეგაც ოფიციალური ინფორმაცია განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. რაც შეეხება დარჩენილ 43 სკოლაში სერტიფიცირებული დირექტორების შერჩევას, ეს პროცესი თანმიმდევრული იქნება.
განათლების სამინისტრო 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საშუალო სკოლის დირექტორის კანდიდატურის წარდგენას სამეურვეო საბჭოს შესარჩევად და უკვე შერჩეული კანდიდატურის დამტკიცებას.
სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან სკოლის დირექტორს ირჩევს 6 წლის ვადით.
დავამატებთ, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორების პოზიციებზე კანდიდატების ატესტაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ორ ეტაპს მოიცავს: ტესტირება და გასაუბრება.