საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 7-9 ოქტომბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება.
სესიაზე განიხილება ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე; ალიანსის ღია კარის პოლიტიკა; ნატო-ს ადაპტაცია გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ; ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები; ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა; არქტიკის უსაფრთხოება; სამხედრო ტექნოლოგიები და ინოვაცია; კრიტიკული საზღვაო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები; ჩინეთი და გლობალური სამხრეთი; ეროვნული და კოლექტიური მედეგობის გაძლიერება და სხვა.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თანამშრომლობის, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხების განხილვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა, სადაც საქართველოს ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს. ასამბლეა ყოველთვის ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის, საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის შემდგომი გაძლიერების მიმართ. ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ფასდაუდებელი როლი, აღიარებენ როგორც თავსებადობის, ასევე მთლიანად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ადგილი ნატო-შია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, ასამბლეის კომიტეტებსა და პლენარულ სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან.
„ქართული დელეგაცია პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსული ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე, ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე ინფორმაციას გააცნობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნატოელ მოკავშირეებს მკაფიოდ დავანახოთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გადაუდებელი აუცილებლობა, ამ მიმართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროება და ამ მიზნით წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობა. საქართველო აკმაყოფილებს ალიანსში გაწევრების ყველა კრიტერიუმს, დიდი ხანია, იმსახურებს და მზად არის ნატო-ში გაწევრებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი შედიან.