ახალქალაქში 40 მუნიციპალური ვიდეომეთვალყურეობის კამერაა დამონტაჟებული. ასევე იგეგმება ახალი “ჭკვიანი” კამერების დამონტაჟება, რომლებიც დარღვევებს აფიქსირებს.
საერთო მეთვალყურეობის მუნიციპალური კამერების შეძენისა და დამონტაჟების , ასევე კამერების მომსახურების ტენდერი მეორედ გაინართა 12 ივნისს (პირველად ტენდერი 8 მაისს გამოცხადდა). ტენდერი ინდივიდუალურმა მეწარმემ მარტიროს კჯანიანმა 23 948 ლარით მოიგო,ხოლო საწყისი ოდენობაა 25 240 ლარი.
როგორც Jnews-თან საუბარში ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა განაცხადა, საზოგადოებრივ ადგილებში და მოსახლეობის მოთხოვნით კამერები უკვე დამონტაჟებულია.
“ჩვენ მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად დავამონტაჟეთ, ასევე ქალაქში, სადაც არის ნაგვის ურნები, პარკები”,- კომენტარი გააკეთა მაკარიანმა.
მან ასევე დაამატა, რომ მუნიციპალური კამერების გარდა, ქალაქში “ჭკვიანი” კამერების რაოდენობა გაიზრდება. აღნიშნული ტემდერი სახელმწიფოს ფარგლებში უკვე გამოცხადებული უნდა იყოს, როგორც კი ტენდერი გამოცხადდება, მუნიციპალიტეტი მონაწილეობას მიიღებს.
“ეს არის კონსოლიდირებული ტენდერი, ის სახელმწიფოს მასშტაბებში გამოცხადდება. ეს არის იმ კამერებს შორის, რომლებიც დარღვევებს აფიქსირებენ. ჩვენ მათი რაოდენობის გაზრდისთვის ვემზადებით, რადგან წლების განმავლობაში მანქანების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, ხოსპიოს გავლით კარწახის გზა, ხალხი უჩივის, რომ მძღოლები ამ მონაკვეთში სიჩქარეს მატებენ. მოვიდნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მერიის, პოლიციის თანამშრომლები და ყველას აზრი გათვალისწინებულია, სად და რა ინტერვალებით დაამონტაჟონ კამერები”,- თქვა მერმა.