„ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის“, — განუცხადა სავალუტო ფონდის (IMF) მისიის უფროსმა ჯეიმს ჯონმა BPN-ს.
მისივე თქმით, ფონდი საკითხის ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოახდენს ზუსტ შეფასებას, მათ შორის სავალუტო ფონდის მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა გადადებულია, რაც ნაწილობრივ უკავშირდებოდა ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას.
„როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, — აცხადებს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.
მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ეს 19 სექტემბერს მოხდა.
ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.
ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.