ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო საავტომობილო გზის საწყისი მონაკვეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რთულად გასავლელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში სამშენებლო კომპანია „არალიდან“ პირობა დადეს, რომ ტერიტორიის გარემონტებას 5 დღეში დაასრულებდნენ, ის კვლავ გაუვალ მდგომარეობაში რჩება.

ახალქალაქი-კარწახის გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ქალაქის ამ ნაწილის მცხოვრებლების თქმით გზაზე უამრავი ორმოა და დანგრეულ ასფალტით უკმაყოფილობას გამოხატავენ. მათ უკვე დაკარგეს იმედი, რომ ეს გზა ოდესმე ნორმალურ მდგომარეობაში იქნება.

პირველად, 13 ივნისს, კომპანია “არალის” წარმომადგენელმა Jnews-თან საუბარში თქვა, რომ ამ დღეებში „გოროდოკის“ მონაკვეთზე მუშაობას დაიწყებენ, მაგრამ გავიდა დაახლოებით ორი თვე, გზა არ გარემონტებულა, ხოლო ორმოები უფრო დიდი და ღრმა გახდა. მოსახლეობის თქმით, საკრებულოს შუამავლობით, ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა რსტაკიან მხითარმა აგვისტოში ღრმა ორმოები ხრეშით ამოავსო, რათა მძღოლებს როგორმე დახმარებოდა.

აგვისტოს დასაწყისში 5-6 დღეში გარემონტებას დაპირდნენ და ისევ შედეგი არ ჩანს. თუმცა, როგორც Jnews-ს დღეს, 15 სექტემბერს, კომპანია „არალიდან“ აცნობეს, აგვისტოში ჩვენთან საუბრის შემდეგ ადგილზე იყვნენ, დაათვალიერეს და გადაწყვიტეს, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საფუძვლიანი რემონტი იყო საჭირო. სერიოზული სამუშაოების დაწყებამდე კი ორმოები ხრეშით ამოავსეს.

„იქ დროებითი სამუშაოები ჩავატარეთ, რადგან ჯერ კიდევ ვმუშაობთ საბაჟოზე, თურქეთის საზღვართან. დაახლოებით ერთ კვირაში გვინდა ამ ადგილზე სამუშაოების დაწყება. გვინდა გათხრა და მიზეზის გაგება, რადგან ამ მონაკვეთს წელიწადში სამჯერ ვარემონტებთ, ვფიქრობთ, მიწის ქვემოდან წყალი მიედინება და ასფალტს ანგრევს. უბრალოდ რეაბილიტაცია არ უშველის, ვფიქრობთ, იქ სხვა პრობლემაა“, – ამბობს კომპანია „არალის“ სამუშაოების ხელმძღვანელი გოდერძი ბოლქვაძე.