შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას პისტოლეტი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ასევე იპოვეს იარაღი თბილისში, მესტიაში, ქუთაისსა და თელავში.
აღსანიშნავია, რომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასევე ფეთქებადი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
police.ge