სოფელ ჩუნჩხასა და პტენას მოსახლეობა გზების ცუდ მდგომარეობას წლებია უჩივის და ამბობს, რომ სოფლიდან მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი ეს პრობლემაც არის. სოფელ ჩუნჩხა-პტენაში გზების ბეტონის სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო.
კომპანია „ჯავახ ავტო გზას“ თანამშრომლის ცნობით, სოფელ ჩუნჩხაში სამუშაოები თითქმის დასრულებულია და სოფელ პტენისკენ გაგრძელდება.
სოფელ ჩუნჩხას მერიის წარმომადგენლის, გიორგი ზაზაძის თქმით, ისინი კმაყოფილები არიან გაწეული შრომით და მოხარულნი არიან, რომ ქალაქი საბოლოოდ დაუახლოვდა მათ. ჩუნჩხის მოსახლეობის უმეტესობა ქალაქში სამუშაოდ ჩადის, გზა გაუადვილდათ, სამსახურში უფრო სწრაფად მიდიან.
„ბეტონის გზის გარემონტების სამუშაოები მიმდინარეობს, გათვალისწინებულია 1743 მეტრი. ამჟამად მიმდინარეობს ტროტუარების მშენებლობა. ჩუნჩხაში სამუშაოები უკვე დასრულებულია. ზოგადად, პროექტი ორ წელზეა გათვლილი 2023-2024 წლებში, მომავალ წელს უნდა დასრულდეს, შეუერთდება სოფელ დილისკას“, – ამბობს ჩუნჩხას მერიის წარმომადგენელი გიორგი ზაზაძე.
აღვნიშნავთ, რომ ამ გზის გარემონტების ჯამური ღირებულება 1 051 420 ლარს შეადგენს. პროგრამა მრავალწლიანია და წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე 436 000 ლარი დაიხარჯება, 414 200 ლარი რეგიონული ფონდიდან, ხოლო 21 800 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. პროექტი 2024 წელს გაგრძელდება, მეორე ეტაპზე 615 420 ლარი დაიხარჯება.