საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას ეროვნული ბანკი წლის დასაწყისში ვარაუდობდა.
მისივე თქმით, ცენტრალურმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 5-დან 6 პროცენტამდე გაზარდა, თუმცა, ნათია თურნავა არც იმას გამორიცხავს, რომ წელს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე 6 პროცენტი.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენი თავდაპირველი მოლოდინი იყო. ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. 5 პროცენტიდან ავწიეთ 6 პროცენტამდე. ჩვენ მაინც უფრო კონსერვატიული შემფასებლები ვართ და, სულ მცირე, 6 პროცენტს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, უფრო მაღალიც იყოს. ეს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი პოზიტივის მომტანია ქვეყნისთვის და ნიშნავს, რომ ვითარდება მთელი რიგი დარგები. ეს ნიშნავს შემოსავლებს, ასევე ნიშნავს, რომ მაღალი დასაქმების დონე, რაც მიღწეულია, კვლავაც შენარჩუნდება. თუმცა, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რომ მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა, ანუ მოთხოვნის მხრიდან ზეწოლა სამომხმარებლო ფასებზე, ნეგატიური შედეგის მომტანი არ იყოს. ამიტომ ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას ვახორციელებთ.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებს, მიმდინარე წლის ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის დეკომპოზიცია გავაკეთეთ და სურათი იმგვარია, რომ ძირითადად ორი კომპონენტია განმსაზღვრელი – ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა, ანუ ექსპორტი. მოხმარების მხრიდან პირველ კვარტალში კონტრიბუცია შემცირებული იყო, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ფასების სტაბილურობაზე, თუმცა ჩვენ ამ პროცესს კვლავაც ვადევნებთ თვალს. რაც შეეხება დარგებს, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, გამოვყოფდი საფინანსო სექტორს, რომელიც კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი საფინანსო სექტორი არის ჯანსაღი, ძლიერი და კვლავაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ეკონომიკურ ზრდაში“, – განაცხადა თურნავამ.