საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
დოკუმენტი სამ განზომილებას მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურსა და საერთაშორისოა.
კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის 26 ივლისიდან პირველ აგვისტომდე ჩინეთში ვიზიტის დროს ქ. ჩენგდუში ესწრებოდა საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტული ფედერაციის (FISU) 31-ე მსოფლიო საზაფხულო თამაშებს. ვიზიტის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქ. ჩენგდუში შეხვდა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი – ქ. პეკინში. მხარეებს შორის წარიმართა სიღრმისეული საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ურთიერთ-ხელსაყრელი საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების შესახებ და მიღწეული იქნა ფართო კონსენსუსი. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ ორმხრივი ურთიერთობები.
მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოვონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულით