ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საცხოვრებელი სახლების ნაწილს სახურავები გადახადა. ხეების დაცემისგან დაზიანებულია შენობები, სათავსოები და ღობეები. როგორც ლაგოდეხის მერიაში ამბობენ, წინასწარი მოკვლევით, ასეთი დაახლოებით 100-მდე სახლია.

სოფელ მშვიდობიანში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაინგრა. როგორც რადიო თავისუფლებას დაზარალებულმა ბესო ათანელიშვილმა უთხრა, ძლიერმა ქარმა ეზოში კაკლის ხე მოგლიჯა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

„როგორც ჩანს, ხის ფესვები სახლის ქვეშ გადიოდა. ჩვენც შიგნით ვიყავით ამ დროს. დიდი ხმაური იყო, უცბად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. გადავრჩით, არავინ დაშავებულა“, – თქვა დაზარალებულმა ბესო ათანელიშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

17 ივლისს, გვიან საღამოს, ქართან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იყო ძლიერი წვიმაც. რამდენიმე სოფელში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაიხოცა შინაური ფრინველი.

ქართან ერთად სეტყვა მოვიდა ყვარლის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივების ინფორმაციით, ზოგ ადგილზე ვენახები 100 პროცენტით განადგურდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ყვარლისა და ლაგოდეხის მერიებში ამბობენ, რომ სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობენ სპეციალისტები და ზარალს ითვლიან. რა ფორმით დაეხმარება თვითმმართველობა დაზარალებულებს, ამ ეტაპზე უცნობია.

radiotavisupleba.ge