„იმედი ვარ“ – ასე დაიცვა თავი ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა საგარეჯოში შესაძლო თავდასხმის დროს.
კადრებში ჩანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ გადამღებ ჯგუფებთან, სავარაუდოდ, თავდასხმის მიზნით დაპირისპირებაში მონაწილე მოქალაქე მიდის და ეუბნება:
„ხომ გითხარი, არ გადაიღო-მეთქი? რატომ იღებ?“
ჟურნალისტი ამ დროს თავდაცვის მიზნით მას ეუბნება – „იმედი ვარ“. ამ სიტყვების შემდეგ მოქალაქე უკან ბრუნდება.
გუშინ, 6 ივლისს, საგარეჯოში თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. დაპირისპირების დროს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და თავს დაესხნენ რამდენიმე ჟურნალისტსაც – მათ შორის, „მთავარი არხის“ ორ ჟურნალისტს. ამასთანავე, დაპირისპირების დროს, ქვები მოხვდა ასევე „ფორმულას“ წარმომადგენელსაც.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 6 ივლისს საგარეჯოში, მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აგრესიულად განწყობილი პირები დახვდნენ.
„ფორმულას“ გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ შეხვედრის სივრცის შესასვლელთან მობილიზებული მოქალაქეების მხრიდან, სავარაუდოდ, ქვებს ისროდნენ
მოგვიანებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმისას თავში მოხვდა ქვა ზაზა ციციშვილს. ხაბეიშვილის თქმითვე, ეს ქვა ისროლა საგარეჯოს საკრებულოს წევრმა.