ჭიათურელმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მაღაროელების ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო ჩართვიდან.
მაღაროელი, რომელმაც თვალები ამოიკერა არის გიორგი კუპატაძე, ის მაღაროში აღდგენა ვენტილაციის ცვლის უფროსია. ის ამბობს, რომ თვალების ამოკერვის გადაწყვეტილება პირადად მიიღო და სხვა მაღაროელები ამის წინააღმდგენი იყვნენ. ის თანამებრძოლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პროტესტი ძალადობის გარეშე უნდა გაგრძელდეს.
გიორგი კუპატაძესთან ინტერვიუ ნეტგაზეთმა რამდენიმე დღის წინ ჩაწერა:
„დღეს ბიჭებმმა დაიწყეს შიმშილობა. ვაფრთხილებთ ჩვენს კომპანიას – ღმერთმა ნუ ქნას, დროულად მოეგონ გონს. ამ ბიჭებიდან რომელიმეს თმა ჩამოუვარდეს თავიდან, ან ცუდად გახდნენ, ან რაიმე, ჩვენ თავზე პასუხს აღარ ვაგებთ. დროულად გამოვიდნენ კომუნიკაციაზე, დროულად დაგვიდნენ გვერდში, მოეგონ გონს და რასაც ვითხოვთ, დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები იმიტომ, რომ დღესდღეობით ისეთ გაჭირვებაში ვართ, ხანხდახან რომ შევდივარ შიგნით და ცვლაში ბიჭებს დავტოვებ, ნახევარი საათი კანკალი მიტანს იმიტომ, რომ არავინ იცის, ისინი გამოვლენ თუ არიქიდან ცოცხლები“, – ამბობდა კუპატაძე ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენდა, რომ ჭიათურაში მძიმე ეკონომიკური პირობების გამო თითქმის ყველა მაღაროელს ბანკის ვალი აქვს.
„თითოეული მაღაროს მუშა გმირია. არავის არაფრის გვეშინია. ხვალვე გადავალ მუშად იმიტომ, რომ მე დავიბადე მუშაკაცად და მოვკვდები მუშაკაცად.“
მაღაროელების აქცია ჭიათურაში შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით უკვე თითქმის მეორე კვირაა მიმდინარეობს, 11 ადამიანი შიმშილობს, ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა პროტესტის ნიშნად. მაღაროელები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თბილისში ჩამოვლენ და დედაქალაქში გააგრძელებენ პროტესტს.