13 ივნისის ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თითქმის ყველა სოფელი დააზარალა, განსაკუთრებით – სოფელი კოჩიო და სოფელი ბარალეთი. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს ზიანის ანაზღაურებას ჰპირდება.
მძიმე მდგომარეობაშია კარტოფილისა და სხვა პროდუქტის მინდვრები, სახლები, სარდაფეები, ხიდები. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ კოჩიოს 5 ოჯახი და სოფელ ბარალეთის 3 ოჯახი.
სოფელ კოჩიოში ის სახლები და ნაკვეთები, რომლებიც სოფლის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ყველაზე მეტად დაზალარდა.
სოფელ კოჩიოში გრაჩ ბალასანიანს წვიმის წყლის ნაკადით საღორეში 6 ღორი დაეხრჩო, დაუზიანდა 1 ჰა კარტოფილის მიწა, სარწყავი სისტემა, თივა. სარდაფს, სანგრებსა და საღორეს რეაბილიტაცია სჭირდება.
“16 ღორიდან 10 დამრჩა. წყალმა ყველაფერი გაანადგურა და წალეკა. საღორედან და სანგრიდან წყალს ტუმბოებით ვქაჩავდით, რადგან საღორე ფანჯრებამდე დაფარა და ღორები ნაკადმა ფანჯრიდან გადაისროლა. წყალმა სარწყავი მილებიც წაიღო. 70-დან 15 შევაგროვეთ. ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოსულნი, ნახეს, დახმარებას დაგვპირდნენ”,- განმარტა ბალასანიან გრაჩმა.
წყალმა ბალასანიან ტიგრანის სარდაფიც დატბორა, სადაც პროდუქტებს ინახავდა. ტიგრანის თქმით, წყალმა ფქვილის და შაქრის ტომრები, ყველი და სხვა პროდუქტები გააფუჭა. დაზიანდა ხიდიც, რომელიც მეზობელთან აკავშირებდა.
“ფქვილი, შაქარი, ყველაფერი გაფუჭდა. 3 დღეა სახლიდან მანქანა ვერ გავყავს, რადგან ხიდი დაინგრა. მსგავსი რამ 30 წლის წინ მოხდა. სარდაფიდან წყლის ნაწილი სათლებით გამოვზიდეთ, ნაწილი ტუმბოებით ამოვქაჩეთ. 15 თავი ყველი გადავყარე, 7 ტომარა ფქვილი და შაქარი წყლის ქვეშ აღმოჩნდა”,- ჰყვება ტიგრან ბალასანიანი.
დაზიანდა აბელიან ანაიდმაც: ქათმები დაიხრჩო და სანგარში კარტოფილი გაფუჭდა.
“30 ქათმიდან მხოლოდ 3 დარჩა. დაახლოებით 500 კგ კარტოფილს ვინახავდი, მაგრამ ეს კიდევ არაფერია. დაზიანდა ის ხიდიც, რომელსაც სანგარსა და საქათმეში გადასასვლელად ვიყენებდი”,- აღნიშნავს აბელიან ანაიდმა.
ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაზარალებულ სოფლებს ესტუმრნენ, დაათვალიერეს და ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასეს.
შეკითხვაზე, აუნაზღაურდებათ თუ არა იმ ოჯახებს ზიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა განაცხადა:
“ყველაფერი ვნახე და მდგომარეობას გავეცანი. ვინც დაზარალდა დახმარებას მიიღებს. კოჩიოს 5 ოჯახს და ბარალეთის 3 ოჯახს დავეხმარებით. კომისია გადაწყვეტს, რა რაოდენობის ზარალი ანაზღაურდება. ყოველივეს კომისიის სხდომაზე განვიხილავთ”.