ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოსა და სირქვას მცხოვრებლებმა ახალქალაქის მერიას წერილობით მიმართეს. მოსწავლეებისა და სოფლის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის სოფლის მთავარ ქუჩაზე ტროტუარებისა და ე.წ. „მწოლიარე პოლიციელების“ დამონტაჟება და სოფელ სირქვაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დროის გასატარებელი მოედნის აშენება ითხოვეს. Jnews-ი დაინტერესდა, დააკმაყოფილა თუ არა მერიამ ხალხის მოთხოვნები.

სოფელ სირქვას ახალგაზრდებს არც გასართობი ადგილი, არც სპორტული მოედნები და პარკები აქვთ, სადაც ბავშვებს გაასეირნებენ. მოსახლეობამ ახალქალაქის მერიას სათამაშო მოედნისა და ქუჩის ტრენაჟორების აშენება სთხოვა. მათი თქმით, სოფელში შესაბამისი ტერიტორია აქვთ. წერილის გაგზავნიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა.

მაისის ბოლოს მოსახლეობამ პასუხიც მიიღო, სადაც იტყობინებოდნენ, რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ აქვთ, ამიტომ მოთხოვნას მერია ამჟამად ვერ დააკმაყოფილებს. მაგრამ წერილში ასევე ნათქვამია, რომ მომავალში ამ თხოვნის შესრულებას შეეცდებიან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი ამბობს, რომ მოსახლეობის მოთხოვნას შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილებენ, თუმცა ამ დროისთვის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის.

სოფელ კოჩიოს მცხოვრებლებმაც შეიტანეს მოთხოვნით წერილი მერიაში. სოფლის ცენტრალური გზა ტროტუარების გარეშე აშენდა და არც “მწოლიარე პოლიციელები” დამონტაჟებულა ხალხმრავალ ადგილებში. გზა სანიაღვრე და სარწყავი არხების გარეშეც აშენდა; არხები მიწით აივსო, წყალი ასფალტის ქვეშ მიედინება და აზიანებს. მოსახლეობამ ტროტუარის აშენება და გზაზე “მწოლიარე პოლიციელების” დამონტაჟება ითხოვა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის არა მოვსისიანის თქმით, ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუგზავნიათ. ამ საკითხს ამჟამად ყურადღებას ვერ აქცევენ, მაგრამ მომავალში მდგომარეობას გამოასწორებენ.

აპრილის ბოლოს სოფელ კოჩიოს მოსახლეობამ JNEWS-ის ჟურნალისტებს სოფელში არსებული პრობლემები გაუზიარა.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ JNEWS-ი მერიის ქონებისა და დაგეგმვის სამსახურს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რას ფიქრობენ მერიაში აღნიშნულ საკითხზე. მომსახურების სპეციალისტმა ვაჰან ბატოიანმა განაცხადა, რომ იმ წლებში, როცა მუნიციპალიტეტში გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, პროექტებს ტროტუარების გარეშე აკეთებდნენ, რათა მეტი გზის რეაბილიტაცია მოესწროთ. მოსახლეობას ურჩია მერიისთვის წერილობით მიემართა, რათა სახსრების გამოჩენისთანავე დაეხმარონ. სოფელ კოჩიოს მცხოვრებლებმა კოლექტიური წერილი ამის შემდეგ შეიტანეს.

კოჩიოში ტროტუარებისა და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების აუცილებლობაა