წელს ახალქალაქში მოსავლის, როგორც კარტოფილის, ასევე მარცვლეულის ფასებით უკმაყოფილოები არიან. კარტოფილის ფასი 60 თეთრიდან 80 თეთრამდე მერყეობს, მარცვლეულის კი – 50 თეთრამდე. თუმცა არც მყიდველები არინ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი კარტოფილი სოფელ ჩამდურაში მოჰყავთ. ამ სოფელში აღნიშნავენ, რომ კარტოფილის მოყვანა არარენტაბელური გახდა.
„საუკეთესო კარტოფილს 75 თეთრად ვყიდით. გასულ წელთან შედარებით ფასი გაორმაგდა, მაგრამ დღეს გლეხებისთვის პრობლემა მხოლოდ დაბალი ფასი არაა, არამედ გაყიდვაც. შარშან დღეში 50 ტონა კარტოფილს ვყიდდით, ახლა უკვე დღეში 4-5 ტონა, მყიდველი არ არის“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურიდან ვლადიმერ ჟამკოჩიანი.
ის აღნიშნავს, რომ სოფლის მცხოვრებმა 80-90 თეთრად მაინც უნდა გაყიდოს, რომ მოგება მიიღოს.
სოფელ ვაჩიანიდან ფიოდორ თოროსიანი შეშფოთებულია არა მხოლოდ დაბალი ფასით, არამედ მყიდველების სიმცირითაც.
„სოფლის მოსახლეობას ეშინია, რომ კარტოფილი არ გაიყიდება, რადგან მყიდველი არ არის. ფასიც ძალიან დაბალია, თვითღირებულებასაც არ ფარავს“, – ამბობს თოროსიანი.
ზემოაღნიშნული სოფლებისგან განსხვავებით დილისკში შედარებით დამაიმედებელი მდგომარეობაა. აქ მყიდველების ნაკლებობა არ არის.
“მყიდველები არიან, მაგალითად, გუშინ ორი სატვირთო მანქანით კარტოფილი ავტვირთეთ, უბრალოდ გაყიდვის ფასი არ მოგვწონს, ჩვენ 60 თეთრი დაგვიჯდა, ვყიდით 80 თეთრად”,- ამბობს სოფელ დილისკას წარმომადგენელი ოვანეს გაბრიელიანი.
რაიონის ერთ-ერთ შორეულ, საზღვრისპირა სოფელში, ხავეთში, მყიდველი საერთოდ არ არის. სოფლის მოსახლეობას ადგილზე მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობა არ აქვს.
„ჩვენს სოფელში ყველა უჩივის, რომ კარტოფილი არ იყიდება, მყიდველი არ არის. ნათესავმა წაიყვანა თბილისში გასაყიდად, წაღებულის გასაყიდად 5 დღე დარჩა და უკმაყოფილო დაბრუნდა“, – ყვება სოფელ ხავეთის წარმომადგენელი ხაჩატურ მოვსისიანი.
ხანდოც შედის იმ სოფლების რაოდენობაში, სადაც ბევრი კარტოფილი მოჰყავთ, მაგრამ აქაც კი არ შეუძლიათ მოსავლის მწარმოებლისთვის ხელსაყრელ ფასად გაყიდვა.
„ჩვენს სოფელში კარტოფილი იყიდება, მართალია მყიდველი ცოტაა, მაგრამ ფასი ყოველ შემთხვევაში სოფლის მოსახლეობისთვის მომგებიანი არ არის. მყიდველები მაქსიმუმ 75 თეთრს იძლევიან. შარშანდელთან შედარებით ორჯერ იაფია“, – ამბობს სოფელ ხანდოს წარმომადგენელი აშოტ საარიანი.
სოფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მარცვლეულთან დაკავშირებითაც იგივე მდგომარეობაა.
1 კგ ქერი წელს 50 თეთრად იყიდება, შარშან – 1 ლარად. 1 კგ ხორბალი კი 40 თეთრად იყიდება.
Businessinsider.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, წელს საქართველოში ყველაზე მეტი კარტოფილი რუსეთიდან შემოდის: 8273,26 ტონა, ბელორუსიიდან 1297,08 ტონა, ეგვიპტიდან 1606,50 ტონა, უკრაინიდან 1342,70 ტონა და გერმანიიდან 1180,00 ტონა.
კარტოფილის იმპორტი საქართველოში 577%-ით გაიზარდა. 2023 წლის 9 თვის განმავლობაში ქვეყანამ 22 249,34 ტონა კარტოფილი შეიძინა, რაშიც 7 489,21 ათასი დოლარი გადაიხადა. 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში 3288,64 ტონა კარტოფილი შემოვიდა. კარტოფილის იმპორტი 37% რუსეთიდან ხორციელდება, 33% კი ბელორუსიიდან.