ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს მცხოვრებლები ჩივიან, რომ სოფელში გზა ორივე მხრიდან არხების გარეშე აშენდა და უმეტეს ნაწილზე ტროტუარები არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება და მდგომარეობა დროთა განმავლობაში შეიძლება გამოსწორდეს.
სოფელ კოჩიოში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფლის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და კლუბი მთავარ გზაზეა განთავსებული, საიდანაც უამრავი მანქანა მოძრაობს არა მარტო ამ სოფელში, არამედ ალათუმანში, ბეჟანოში, სირქვაში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელშიც. მოსწავლეები სკოლაში მისასვლელად მთლიან გზას გადიან. მოსახლეობა მათი უსაფრთხოება აწუხებს. ჩივიან, რომ გზა ტროტუარების გარეშე მოასფალტდა და არც ხელოვნური ბორცვებია განთავსებული.
„ასფალტი კარგია და ძალიან კმაყოფილნი ვართ, მაგრამ გზა არხების გარეშე აშენდა, ისინი მიწიანია და წყალი ასფალტის ქვეშ მიედინება, რაც მასვე აზიანებს. არც სიჩქარის შემზღუდველი ბორცვები და ტროტუარია”, – ამბობს იურა პაპიკიანი.
სოფელში შეშფოთებულები არიან, რომ სოფლის მთავარ ქუჩაზე მოძრაობა უსაფრთხო არ არის და სოფელ სულდაში მომხდარ შემთხვევას იხსენებენ, როდესაც 7 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა.
„გზაზე მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ. ბავშვებზე ვნერვიულობთ; სკოლაში, საბავშვო ბაღში დადიან, როგორ შეიძლება გზა მოასფალტდეს და ტროტუარი არ აშენდეს“, – აღნიშნავს სანდრიკ ალექსანიანი.
სკოლის მიმდებარედ მხოლოდ სამ ადგილას არის დამონტაჟებული ხელოვნური ბორცვები, რაც, მოსახლეობის აზრით, ცოტაა.
სოფელში 1 400მ გზა მოასფალტდა და ტროტუარი მხოლოდ 200 მეტრზეა განთავსებული. სოფელ კოჩიოს გზა კი 2019 წელს მოასფალტდა.
სოფლის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. 2019 წლის პირველ ეტაპზე ბარალეთი-კოჩიოს მონაკვეთი მოასფალტდა, რისთვისაც 583 400 ლარი დაიხარჯა. მეორე ეტაპზე კოჩიო-ალათუმანის გზა 511 620 ლარით მოასფალტდა და ჯამში 1 095 020 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებზე პასუხისმგებელი შპს „ჯავახავტოგზაა“.
ასფალტის საფარის პროექტით ტროტუარი არ იყო გათვალისწინებული, მშენებლებმა კი გზა პროექტის მაიხედვით ააშენეს.
მერიის ქონებისა და დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტის ვაჰან ბატოიანის თქმით, როცა მუნიციპალიტეტში ბევრი ცუდი გზა იყო, პროექტები ტროტუარების გარეშე კეთდებოდა, რათა მეტი გზის რეაბილიტაციაზე ეზრუნათ.
„გზები რაც შეიძლება მალე უნდა მოასფალტებულიყო, ამიტომ პროექტები ტროტუარების გარეშე შევადგინეთ. ყველა სოფლის გზის მოასფალტებას დავასრულებთ და ტროტუარებზე მერე გადავალთ. აზავრეთის, ხავეთის, აბულის გზების მოასფალტება დარჩა. მართალია ხალხი ჩივის, მაგრამ ახლა ფინანსები არ გვაქვს, ყველაფერს დროთა განმავლობაში გამოვასწორებთ. მცხოვრებლებმა კი სოფლის წარმომადგენელს უნდა მიმართონ, კოლექტიური წერილი დაწერონ, რათა ტროტუარები და ხელოვნური ბორცვებზი თუნდაც ერთ მხარეს გაკეთდეს. როცა ფინანსები გამოჩნდება, ავაშენებთ”,- აცხადებს ვაჰან ბატოიანი.
კოჩიო და სირქვა – ძველი და ახალი პრობლემები