13 ივნისს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სამცხე-ჯავახეთში ნათესები, გზები და ხიდები დააზიანა. ჯამში 10-15 სოფელი დაზარალდა, ყველაზე მეტად – ლომატურცხი, ბარალეთი და კოჩიო.
ახალქალაქის მერმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფლებში უკვე ჩავიდიან. ყველაზე მეტად სოფლები კოჩიო, ლომატურცხი და ბარალეთი დაზარალდნენ.
„ამჟამად სოფელ კოჩიოში ვარ. წყლის დონე იმდენად მაღალია, რომ სამუშაოს დაწყება შეუძლებელია. სახლშიც კი არ მივსულვარ, ხალხს ვხვდებოდი, რათა გაგვერკვია მოსახლეობას როგორ დავეხმაროთ. დავეხმარებით იმ რაიონებს, რომელთა ინფრასტრუქტურაც დაზიანდა. კოჩიოში ორ ოჯახს პირუტყვი დაეხრჩო. სარდაფებში შენახული კარტოფილის უმეტესობა დაიტბორა. ასეთი პრობლემები გამოსწორდება. ნათესებს კი ვერაფერს ვუშველით. თუ დაზღვევა აქვთ, კომპანიაში უნდა მივიდნენ. ასეთ შემთხვევებში მერია კომპენსაციას არ გამოყოფს“, – განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
სარწყავი სისტემის არხებთან, გადასასვლელ ხიდებთან და სოფლის შიდა გზებთან დაკავშირებული პრობლემები მერიამ უნდა მოაგვაროს.
წვიმის წყალი მაღალმთიანი სოფლებიდან დაბლა მდებარე სოფლებში ჩაედინება, რომელიც სეტყვაში ირევა. მოსახლეობას კი დიდი ზიანი მიდგა.
ბევრ სოფელში კარტოფილის მინდვრებიდან წყალი ტუმბოებით გამოაქვთ. ამჟამად მსგავსი სამუშაოები სოფელ ბარალეთში მიმდინარეობს.