კარწახი-თურქეთის გზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ორი კომპანია, „ჯავახავტოგზა“ და „არალი“ ხელმძღვანელობს.
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა ახალქალაქი-კარწახი 2010 წელს აშენდა, 2015 წელს კი თურქეთის საზღვარზე “კარწახის” საგუშაგო გაიხსნა. მას შემდეგ გზის გასწვრივ დიდ ტვირთს უზარმაზარი სატვირთო მანქანები ზიდავენ. მათი ნაკადი გასული წლის, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. სოფელ ვაჩიანის ბოლოდან კარწახის სადგომამდე სატვირთო მანქანების გრძელი საცობი შეიქმნა.
ეს გზა ყოველდღიურად ნადგურდება. ყოველ მეტრზე ორმოები ჩნდება, რომლებიც მგზავრობას ართულებს. გასულ წელს სოფელ ვაჩიანთან ამ გზის მონაკვეთი გარემონტდა.
ახლა სარემონტო სამუშაოები კომპანია “ჯავახავტოგზას” თანამშრომლებმა სოფელ ვაჩიანის მხრიდან, “არალის” წარმომადგენლებმა კი საგუშაგოს მხრიდან დაიწყეს.
Jnews-ი შეეცადა საგზაო დეპარტამენტისგან გაეგო, მონაკვეთზე ორი კომპანია რატომ მუშაობს.
საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პავლე გამგრელიძის თქმით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გზების გარემონტებისა და პერიოდული სამუშაოების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში კომპანია „არალი“ მონაწილეობდა და მან გაიმარჯვა. ეს 24 თვიანი ელექტრონული ტენდერია. რადგან სურთ გზა სწრაფად და მოკლე დროში გარემონტდეს, კომპანია „არალს“ კანონის ფარგლებში უფლება მისცეს მუშაობას რაც შეიძლება მალე შეუდგეს.
„გზის მონაკვეთი ორ ნაწილად გავყავით. „ჯავახავტოგზა“ ორმოებზე მუშაობს, უვლის და მომსახურებაზეც ზრუნავს, ხოლო “არალმა” ბოლო 10 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა გაარემონტოს“, – განმარტა პავლე გამგრელიძემ.
„მუშაობა 10 ივნისს, მე-4 კმ-დან (კუმურდოს გადასახვევი) დავიწყეთ. კარწახამდე 22 კმ გზა უნდა გავარემონტოთ. სამუშაოები როდის დასრულდება, უცნობია, რადგან დაპროექტებული სამუშაოების შემდეგ ახალი ორმოები მაინც ჩნდება. უახლოეს მომავალში ასფალტირებას დავიწყებთ“, – განმარტა კომპანია “ჯავახავტოგზის” თანამშრომელმა.
„ჯავახავტოგზამ“ ორმოების შეკეთების ელექტრონული ტენდერი 300 000 ლარის ოდენობით მოიგო.
„10 კმ გზა უნდა დავაგოთ. გზის ამ ნაწილს მთლიანად დავანგრევთ და ახალ ასფალტს დავასხმათ. რამდენიმე დღეში უბან “გოროდოკშიც” დავაგებთ ასფალტს“, – განაცხადა კომპანია „არალის“ წარმომადგენელმა გოდერძი ბოლქვაძემ.