განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი. მეორე ეტაპი ანუ გასაუბრება აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა. გასაუბრების ეტაპზე დირექტორობის მხოლოდ 755 მსურველი გადავიდა.
სამინისტროს განცხადებით, დირექტორობის მსურველებს შეუძლიათ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იხილონ მინისტრის ბრძანება და გადაამოწმონ მიღებული შედეგები.
„შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი.
იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია, დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ქვემოთ მოცემულ ბმულზე“, – ამბობს სამინისტრო.
დირექტორობის მსურველებმა გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩააბარეს, რეგისტრაცია 3 205-მა დირექტორობის მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. მათგან მეორე ეტაპზე ანუ გასაუბრებაზე 755 კონკურსანტი გადავიდა.
საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. ამ დროისთვის საჯარო სკოლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.