1 ივნისს ახალქალაქში ვიზიტის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი თეია ახვლედიანი სოფლებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღებსა და სკოლების დაწყებით კლასებში ორენოვანი განათლების დანერგვის შესახებ საინფორმაციო კამპანია გახსნა.
თეა ახვლედიანი ახალქალაქის მერიის შენობაში სოფლების მერის წარმომადგენლებს შეხვდა და იმ ახალ პროგრამაზე დეტალურად ესაუბრა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალქალაქის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაინერგება. პროგრამის მნიშვნელობა და შესაძლებლობებიც განმარტა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის აპარატმა, საკუთარი ინიციატივით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც სამ კვირას გაგრძელდება. სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები სოფლებში მერის 90-მდე წარმომადგენელს ორენოვანი პროგრამის შესახებ ინფორმაციას მიაწვიდან.
„ჩვენი მიზანია ყველა ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფოს მიერ გახსნილი მაღალი ხარისხის და მომხმარებელზე ორიენტირებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ “, – განმარტა თეა ახვლედიანმა.
საპილოტე პროგრამით ორენოვანი განათლება ახალქალაქის მე-5 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლიდან დაინერგა. 2023-2024 სასწავლო წლიდან პროგრამა ახალქალაქის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში გავრცელდა. Jnews-ი პროგრამის შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მას მკითხველს სრული ცნობების მოპოვების შემდეგ გააცნობს.