26 მაისს თბილისის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დილიდან მასშტაბურად აღინიშნება, თავისუფლების მოედანი დღესასწაულთან დაკავშირებული მორთულობებით გალამაზდა.
ყველგან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ფრიალებს, დეკორაციებში წითელი და თეთრი ჭარბობს, ღონისძიების მონაწილეებს კი ქართული პროდუქციით უმასპინძლდებიან.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებასთან დაკავშირებით მილოცვები მაღალჩინოსნებმაც წარმოთქვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო სიტყვაში დღესასწაული იმ ადამიანებს მიულოცა, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პიროვნულ ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.
„განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, აფხაზებსა და ოსებს. კერძოდ, მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ახალწვეულებს, რომლებმაც სამშობლოს ერთგულება დაიფიცეს. ვულოცავ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს. მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ძვირფასო მეგობრებო, სიამაყით ვიხსენებთ ყველას, ვინც თაობიდან თაობას თავისუფლების სიყვარული გადასცა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა სამშობლოსათვის“.
ღონისძიების მონაწილეებისთვის ღვინის ფესტივალიც გაიმართა და სასურველი ღვინითაც გაუმასპინძლდნენ, დამსწრეებს კი საშუალება მიეცათ ქართული პროდუქცია დაეგემოვნებინათ.
სპეციალურად ბავშვებისთვის გაიშალა ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და გასართობები თამაშები, მოეწყო კვების პუნქტები და ბაზრობა.
დაამონტაჟეს სამხედრო ტექნიკაც და სურვილის შემთხვევაში ადამიანებს ფოტოების გადაღება შეეძლოთ.