ქარელის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა, – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე.
„სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.