ერთი კვირის წინ თბილისში ნიღბიანი პირები საქართველოს სომხური სათვისტომოს თავმჯდომარეს არტურ მირზოიანს თავს დაესხნენ და მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ დამნაშავეები კვლავ თავისუფლები არიან. პარალელურად, ფეისბუქის ყალბი მომხმარებლები არტურს ადანაშაულებენ, რაც, მისი თქმით, მიზანმიმართულია, რათა ხალხმა თავდასხმის რეალური მიზეზისა და მისი დისკრედიტაციდან ყურადღება გადაიტანოს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომო“ სომეხთა გენოციდის თემაზე 23 აპრილის საღამოს გამოფენებს აწყობს, 24 აპრილს კი საქართველოში თურქეთის საელჩოსკენ მსვლელობა გაიმართა. არტური თავდასხმას ამ მოვლენებს უკავშირებს, რომლებიც, ინციდენტის მიუხედავად, მაინც ჩატარდა.
Jnews-თან საუბარში არტურმა აღნიშნა, რომ მომხდარისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ძალიან შთაგონებული იყო, რადგან წინა წლებთან შედარებით, მოვლენებში მონაწილე ადამიანების რაოდენობა შეუდარებლად გაიზარდა.
„ვაჩვენეთ, რომ ჩაგვრით ვერ დაგვაშინებენ. პირიქით, რაც უფრო მეტად დაგვჩაგრავენ, მით უფრო გავერთიანდებით. თავდასხმას ამ მოვლენებს ვუკავშირებ, მაგრამ ღიად ვერავის დავაბრალებ. ისინი შეიძლება თურქეთის, აზერბაიჯანის დელეგატები ან ორგანიზაცია “რუხი მგლების” წევრები იყვნენ. ჩემს ფეისბუქ პოსტებზე ფეიკ გვერდებით კომენტარებს წერენ, რითაც თავდასხმის რეალური მიზეზიდან ყურადღების გადატანას და ჩემ დისკრედიტაციას ცდილობენ. დიდი ალბათობით, ამ ყველაფერს თავად თავდასხმის ორგანიზატორები აკეთებენ“, – ამბობს არტურ მირზოიანი.
21 აპრილს ოფისიდან სახლისკენ მიმავალ არტურ მირზოიანს თავს 3 ნიღბიანი პირი დაესხა. მათგან ორი შეურაცხყოფას აყენებდა და სცემდა, ერთი კი მომხდარს კამერით იღებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა – ცემა ან სხვა სახის ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
23 აპრილს ჩირაღდნის მსვლელობის შემდეგ არტური სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან თავდასხმის დროს მიღებული ფეხის ტრავმა გაურთულდა. თუმცა 24 აპრილს მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას და გამართვას არაფერი შეუშლის ხელს. მან პოლიციასაც მიმართა – რამდენად დაცულნი არიან ის ან სხვა აქტივისტები ამ ქვეყანაში? იმედი გამოთქვა, რომ საქმე სწრაფად გაიხსნება და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
„ეროვნების მიუხედავად, ქვეყნის მოქალაქეების მსგავსი უფლებებით ვსარგებლობთ. ეს კონსტიტუციაში წერია და დემოკრატიის წინასიტყვაობაა“, – განაცხადა მირზოიანმა.
Jnews-ი მოვლენების განვითარებაზეც ისაუბრებს.