21 აპრილს სამი ნიღბიანი მამაკაცი საქართველოს სომხური სათვისტომოს თავმჯდომარეს არტურ მირზოიანს თავს დაესხა, სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ტელეფონი დაუმტვრია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
როგორც Jnews-ისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გახდა ცნობილი, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა – ცემა ან სხვა ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.
ინციდენტის შემდეგ არტურ მირზოიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერდა, რომ ოფისიდან სახლისკენ მიმავალს თავს 3 უცნობი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა. მათგან ორი მიუახლოვდა, შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა, ერთი კი მომხდარს კამერით გადაიღო. არტურის პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ მას სხეულის სხვადასხვა ნაწილი დაუზიანდა, ტანსაცმელი დაეხა და ტელეფონი გაუტყდა. მას შემდეგ, რაც არტური ფეხზე წამოდგა და ახმაურდა, თავდამსხმელები გაიქცნენ.
მოგვიანებით მან გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ მომხდარი 23 და 24 აპრილს დაგეგმილ მოვლენებთან პირდაპირ კავშირშია და მის შეშინებას ცდილობდნენ.
„23 აპრილს, 11:00 საათზე ავლაბარში, სურბ ეჩმიაძინის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიკრიბებით, სადაც გაიმართება გამოფენა თემაზე „სომხების გენოციდი 1915-2023“, 19:30 საათზე კი ტრადიციულად ჩირაღდნებით მსვლელობა გაიმართება, რომელიც ისნის მეტროს მიმდებარე მოედნიდან სურბ ეჩმიაძინის ეკლესიის ეზოში მდებარე ხაჩკარამდე გაგრელდება, რომელიც სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება. 24 აპრილს 13:00 საათზე ფილარმონიასთან ვიკრიბებით და მოთხოვნა-მსვლელობით თურქეთის საელჩოსკენ გადავდივართ. მოვუწოდებ ყველა სომეხს, გავერთიანდეთ, ყველამ გვერდზე გადავდოთ პირადი საქმეები და მივიღოთ მონაწილეობა ღონისძიებებში“, – წერს არტური საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.