21 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნიღბიანი პირები საქართველოს სომხური სათვისტომოს თავმჯდომარეს არტურ მირზოიანს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თავად, ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ავრცელებს.
არტურ მირზოიანის თქმით, ოფისიდან სახლისკენ მიმავალს 3 უცნობი, ნიღბიანი პირი თავს დაესხა. ორი მიუახლოვდა, შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა, ერთი კი მათ კამერით იღებდა. არტურის პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ სხეულზე დაზიანებები აქვს, ტანსაცმელი დაეხა, ტელეფონი კი გატყდა. მას შემდეგ, რაც არტურმა ფეხზე წამოდგა და ხმაური ატეხა, თავდამსხმელები გაიქცნენ.
შემთხვევიდან 15 წუთში, არტურის გამოძახებით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ.
არტურ მირზოიანი მიიჩნევს, რომ თავდასხმის მიზანი 23 და 24 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების გამო დაშინება და ხელის შეშლა იყო.
„საქართველოს ყველა სომეხს მოვუწოდებ, გაერთიანდნენ და 24 აპრილს მსვლელობაში მონაწილეობა მიიღონ, რომელიც ფილარმონიიდან დაიწყება და თურქეთის საელჩოსკენ აიღებს გეზს. ეს არა მხოლოდ საქართველოს სომხურ თემს, არამედ ყველა ღირსეულ სომეხს ეხება“, – აცხადებს არტური თავის გავრცელებულ ვიდეოში.
Jnews-მა სცადა არტურ მირზოიანთან დაკავშირებოდა, მაგრამ, როგორც საქართველოს სომხური სათვისტომოს ოფისში გაირკვა, 21 აპრილის გვიან საღამოს ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.
Jnews-ი ელის, რომ მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ექნება.