24 აპრილს თბილისში თურქეთის საელჩოსკენ მსვლელობა-მოთხოვნა გაიმართა, რომლის ინიციატორიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომო“ იყო. მსვლელობას სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა პირები შეუერთდნენ.
მსვლელობა ფილარმონიასთან დაიწყო, რომელსაც თან პატრიოტული სიმღერები, დროშები და გენოციდის ამსახველი ბანერები ახლდა, მონაწილეებს სახეებსა თუ ხელებზე სომხეთისა და არცახის დროშები ეხატათ. მსვლელობის პროცესის უსაფრთხოებას პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ.
„ერთ მუშტად შევიკრათ, ვაჩვენოთ კრიმინალ თურქეთს, რომ არ დავთმობთ, ვიბრძოლებთ მანამ, სანამ სამართლიან ანგარიშსწორებას არ მივიღებთ. ამ რეგიონში პანთურქიზმის არ გარცელდება. ვაჩვენოთ თურქეთის თანამგზავრ აზერბაიჯანს და მის ფაშისტურ ხელმძღვანელობას, რომ სომეხი ხალხი არ გამტყდარა და ბოლო ამოსუნთქვამდე დადგება არცახის მხარეს“, – ნათქვამია საქართველოს სომხური სათვისტომოს განცხადებაში.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არტურ მირზოიანმა მსვლელობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სომხური სულის უძლეველობა დაამტკიცეს.
„არავის აქვს უფლება პროტესტი აგვიკრძალოს. გმადლობთ, რომ არ გეშინიათ და დღეს აქ მოხვედით. ერთად ძლიერები ვართ და ვამტკიცებთ, რომ მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში ხელს ვერ შეგვიშლიან. ზოგი ცდილობს ჩვენი უფლებების რეალიზებას წინ აღუდგეს, მაგრამ ვაჩვენებთ, რომ ვერ გაგვტეხენ“.
სიტყვით მღვდელი ტერ კირაკოს სიმონიანიც გამოვიდა.
„ვალდებულება გვაქვს ახალი გენოციდი და ეროვნული განადგურება აღვკვეთოთ და ავკრძალოთ. ეს საკუთარი მიდგომა, საკუთარი პატრიოტული საქმიანობა იქნება. დღესდღეობით სომეხი ხალხის ის ტერიტორიებია საფრთხის ქვეშ, რომელსაც წლებისა და საუკუნეების განმავლობაში სისხლით, იარაღით, რწმენითა და ლოცვით ინარჩუნებენ“, – განაცხადა მღვდელმა თავის გამოსვლაში.
საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანი სიტყვით გამოსვლისას სამი დღის წინ მომხდარ თემას შეეხო და თქვა, რომ ის რაც არტურ მირზოიანს შეემთხვა, ყველა ჩვენგანს ეხება და 3 დღის წინ არტური კი არა, საქართველოში მცხოვრები ყველა სომეხი სცემეს. ჩიდილიანმა გაერთიანების, ერთ მუშტად შეკვრისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ, არტურ მირზოიანის საქმისთვის თვალყურის დევნებისკენ მოუწოდა ხალხს, რათა რეალური დამნაშავეები დაისაჯონ.