22 აპრილს დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჰიდროელექტროსადგურ “ახალქალაქის” გარემოსდაცვითი კომპონენტის ფარგლებში, გამწვანების აქცია გაიმართა და მონაწილეებმა ხეები დარგეს.
ხეების დარგვაში ჰესის “ახალქალაქის-1”-ის ტერიტორიაზე მყოფი კომპანია “აისის” თანამშრომლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, მერის მელკონ მაკარიანის ხელმძღვანელობით, და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, თავმჯდომარე ნაირი ირიციანის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ. ჰესის ხელმძღვანელების ინიციატივით მსგავს კამპანია პირველად არ ხორციელდება, პროგრამა სამწლიანი (2021-2023 წწ.) იყო. კომპანია “აისის” ინფორმაციით, რომელმაც ჰესი “ახალქალაქი-1” ააშენა და მის ექსპლუატაციაზე ზრუნავს, დღევანდელი აქციის ფარგლებში 220 ნერგი – 100 ძირი ფიჭვი, 70 ძირი იფანი, 50 ძირი ნეკერჩხალი – დაირგო.
ნერგები ჰესების “ახალქალაქი-1”-სა და “ახალქალაქ-2”-ის ტერიტორიაზე დაირგო. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს 50 ნერგი გადასცა, რომლებიც ახალქალაქი-კარწახის და ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დაირგო.
„წლეულს ჰესის “ახალქალაქის” კეთილმოწყობისა და მელიორაციის სამწლიანი პროგრამა დავასრულეთ, რომლის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე 1 675 ნერგი დაირგო. მოხარულები ვართ, რომ ჩითილების ბუნებასთან შერწყმის პროცესი უმეტეს შემთხვევაში წარმატებით დასრულდა და ამისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დიდ მადლობას ვუხდით, რადგან მთელი წლის განმავლობაში ამ ნერგებზე ზრუნავენ. ჰესის “ახალქალაქის” გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტები ხელს უწყობს როგორც პროექტის მიმდებარედ მდებარე სოფლების განვითარებას, ისე გარემოს დაცვის ღონისძიებების ჩატარებას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, ნინო თევდორაშვილმა.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
“გამწვანების პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „აისს“ და ჰესის ხელმძღვანელობას ასეთი აქციის ჩატარებისთვის. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ჩვენი მეგობრობის ხეები ჩვენსავე ტერიტორიაზე დარგეს. უკვე მესამე წელია 22 აპრილს დედამიწის დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ეს პროგრამა მოქმედებს. რაც მეტი ასეთი საქველმოქმედო აქცია იქნება, მით მეტად იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტი ჟანგბადით უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მელკონ მაკარიანმა.
კითხვაზე, რამდენად ანაზღაურებს ჰესების ჯავახეთის ბუნებისთვის მიყენებულ ზიანს ხეების დარგვა, ახალქალაქის მერმა განაცხადა:
„ეს არ არის მხოლოდ ხეები, ჩვენ ამ კომპანიისგან ვიღებთ უზარმაზარ შემოსავალს ადგილობრივ ბიუჯეტში, 400 000 – 500 000 ლარი. როგორ მოვიქცეთ? ვეცდებით ბუნებისთვის მიყენებული ზიანი ავანაზღაუროთ.”
ჰესის „ახალქალაქის“ ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით ეს სადგურები „მწვანეა“.
ჰესი კომერციულ ექსპლუატაციაში 2022 წლის ნოემბერში შევიდა. პროექტის თანახმად მისი სიმძლავრე 9.1 მეგავატს შეადგენს, ხოლო წლიური გამომუშავება 49 გვტ.სთ-ია.