ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.

მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და, ტრადიციისამებრ, სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ ძმათა სასაფლაოზეც.

დღევანდელ დღეზე ისაუბრა მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

„აღდგომის მეორე დღეს ადამიანები გადიან საფლავზე და გადიან არა გლოვისთვის, არა რაღაც უნუგეშობისთვის, არამედ ერთადერთი მიზნით, რომ მიულოცონ თავიანთ გარდაცვლილებს ქრისტეს აღდგომა. დღევანდელ დღეს ჩვენ მივდივართ და ვულოცავთ ჩვენს მიცვალებულებს, რადგანაც გვჯერა და გვწამს, რომ ისინი ცოცხლები არიან და ხარობენ ქრისტეს აღდგომით“, – განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოა. ავტობუსები 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.