12 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ახალქალაქი-ბაკურიანის საავტომობილო გზის გადასახვევთან, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, „ხულგუმოს ძირში“ სატვირთო მანქანა ამობრუნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სატვირთო მანქანა “ჯავახ ავტო გზას” ეკუთვნის, რომელიც ამავე გზას ემსახურება. ტერიტორია არ გადაკეტილა, მაგრამ მოძრაობა შეფერხებულია.
თვითმხილველების თქმით, მოხვევისას ავტომობილი სატვირთოს წინ გადავიდა, სატვირთოს მძღოლი მაქსიმალურად ცდილობდა მარჯვენა მხარეს დარჩენილიყო, რათა შემხვედრი მანქანისთვის გზა არ გადაეკეტა, რის გამოც მარჯვენა საბურავები კიდეზე გადავიდა და სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. გზის ეს მონაკვეთი განსაკუთრებით ვიწროა.
ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
ამ გზაზე არაერთი ასეთი შემთხვევა მომხდარა და არა მარტო სატვირთო მანქანები, არამედ მსუბუქი მანქანებიც დაზიანებულა. ბევრი მძღოლი ჩივის, რომ სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ეს მონაკვეთი კიდევ უფრო შევიწროვდა.
კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ რამდენიმე წელია გზებს არემონტებს.