ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში მცხოვრებნი ნაგვის ურნების არქონას უჩივიან და დამატებით რაოდენობას ითხოვენ. ახალქალაქის სერვისცენტრში, რომელიც ნაგვის შეგროვებით არის დაკავებული, Jnews-თან ინტერვიუში აღნიშნეს, რომ სოფელ ბუღაშენში ახალი ურნების მიღების შემდეგ მათ დაამატებენ.

სოფელ ბუღაშენში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში ნაგვის ურნების უკმარისობაა. ბუღაშენში 120-მდე ოჯახი ცხოვრობს და სამი-ოთხი ურნა არ არის საკმარისი. ურნები სოფლის ცენტრშია დამონტაჟებული და განაპირას მცხოვრებთათვის მიუწვდომელია.

იმის გამო, რომ ნაგვის ურნები საკმარისი არ არის, მოსახლეობა ნაგავს ხშირად დაფარულ ადგილებში ყრის.

ახალქალაქის სერვისცენტრმა დაახლოებით სამი თვის წინ 70 ახალი ურნა მიიღო. Jnews-ი დაინტერესდა სად დამონტაჟდა ურნები და როდის დაამატებენ ნაგვის ურნებს ბუღაშენში.

ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა რსტაკიან მხითარმა განაცხადა, რომ ქალაქში და სოფელ დილისკაში 70 ურნაა დამონტაჟებული. სოფელი ბუღაშენი ამ სიაში არ შედის. თუმცა ახალ ნაგვის ურნებს ელოდებიან და ამჯერად ბუღაშენში აუცილებლად დამონტაჟდება დამატებითი ყუთები.

„ქალაქში ჩამტვრეული ურნები გამოვცვალეთ და სოფელ დილისკაში რაოდენობა გავზარდეთ. ნაგვის ფულს დილისკის მოსახლეობა იხდის, ამიტომ ვათავსებთ იქ. კიდევ 200 ახალი ნაგვის ურნის მიღებას და სოფელ ბუღაშენშიც დამონტაჟებას ვგეგმავთ“, – განაცხადა რსტაკიან მხითარმა.

ფიზიკურ პირებზე ნაგვის შეგროვების ყოველთვიური მომსახურების საფასური ერთ ადამიანზე 50 თეთრია. ოჯახი, სადაც ოთხი ან მეტი ადამიანია, თვეში 2 ლარს იხდის. იურიდიული პირებისთვის ტარიფი 1 კვ/მ-ზე 25 ლარია.

ნაგვის შეგროვება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში ფასიანია, დანარჩენი სოფლები ამ საკითხს სხვადასხვანაირად უმკვლავდებიან.

ახალქალაქის სერვისცენტრში 6 ნაგვის მანქანა ფუნქციონირებს, რაც, დირექტორის თქმით, საკმარისი არ არის. სოფლებში ნაგვის ურნები კვირაში ორჯერ იცლება. რსტაკიან მხითარის განმარტებით, სოფლებში ნაგვის მანქანებიც მაშინ იგზავნება, როცა იქ ასუფთავებენ და სოფლის წარმომადგენლები ტექნიკის გაგზავნას ითხოვენ.