ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა – მათი [უკრაინის] სურვილი იყო, ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ – რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი თანხვედრაშია „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან.
„რაც შეეხება ომის რისკებს და ომის დასრულების შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მის პირდაპირ გავლენას – ყველა კარგად ვხვდებით, რომ უკრაინის ომის შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზე. ახლაც, უკვე აქვს გავლენა უკრაინის ომს. მხოლოდ ფაქტები და სიმართლე მინდა შევახსენო საზოგადოებას – ომის დაწყების დღიდან და მანამდეც არაერთი მცდელობა იყო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. ფრაზა „მეორე ფრონტი“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან გაჟღერდა. ბატონი დანილოვი გამოვიდა და განაცხადა, რომ მათი სურვილი, მიზანი იყო საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი მიზანი და ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი. აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგი უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის შინაარსი იმ გამოსვლის, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ამის შემდეგ ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები.
ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა. მათი სურვილი იყო, ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინას შეუერთდებოდა და საქართველოს ჩართავდა ომში. შეგახსენებთ გამონათქვამს ვანო მერაბიშვილის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველია. ის უკრაინულ არხზე რუსულ ენაზე საუბრობდა და თქვა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის მტკიცებულებები, მე ფაქტებს შეგახსენებთ მხოლოდ.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა და ე.წ. მეორე პოლიგონის, მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არც ევროკავშირის და არც ნატო-ს წევრი არაა, არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ გვაქვს. ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერაა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული.
სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში მოდის მეხუთე კოლონის მიზნებთან, მათ ზრახვებთან და გეგმებთან. ქალბატონმა თეონამ [აქუბარდიამ] მომიწოდა, არ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე – მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. ამას არ ვაპირებ, პირიქით – მინდა ჩვენს ხალხს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო და კითხვები დაგისვათ თქვენ, სად დგახართ ამ გამოწვევებით აღსავსე დროს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.