ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში მცხოვრებლებს სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის იმედი აღარ აქვთ. ამ საკითხით დაინტერესებულია როგორც სოფლის მოსახლეობა, ისე გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია, თუმცა რეალური შედეგი ჯერ არ ჩანს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკას მცხოვრებთათვის ბუნებრივი აირი მიუღწეველ ოცნებად იქცა. ისინი მზად არიან, თუნდაც მთავარი მაგისტრალი საკუთარი ფულით ააშენონ. გაზსადენის მშენებლობისთვის თანხა რამდენჯერმე შეაგროვეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, უკან დააბრუნეს. შეშისა და ფუნის გამოყენებით დაიღალნენ, მზად არიან ფული დახარჯონ, ბანკიდან სესხიც კი აიღონ, რათა ბუნებრივი აირი ჰქონდეთ.
„ყოველ წელს გვპირდებიან, რომ გაზს გაიყვანენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ამ საუბრებმა დაგვღალა. არ გვჯერა, რომ გაზი გვექნება“, – ამბობს სოფელ გორელოვკაში მცხოვრები შაქრო მკრტჩიანი.
მას ის თანასოფლელებიც ეთანხმებიან, რომლებიც ბუნებრივი აირის ნაკლებობის გამო უხერხულობას უჩივიან.
2022 წელს ნინოწმინდის ადგილობრივმა ბიუჯეტმა სოფელ გორელოვკამდე გაზსადენის ასაშენებლად 600 000 ლარი გამოყო, მოსახლეობა იმედოვნებდა, რომ ბუნებრივი აირი უკვე რეალობად იქცეოდა, მაგრამ ეს მორიგი იმედგაცრუება იყო, რადგან ფული გაზსადენის მშენებლობაზე არ დახარჯულა.
ძალიან რთულია იმის გარკვევა, რატომ არ გაიყვანეს გაზი გორელოვკაში, რადგან კონკრეტული მიზეზები დაუზუსტებელი რჩება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ თანხა სოფელ გორელოვკაში ბუნებრივი აირის გაყვანისთვის მართლაც გამოიყო.
„მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში გაზის გაყვანა არ შედის. გვინდოდა კომპანიასთან ერთად ნაწილობრივი თვითდაფინანსებით გაგვეკეთებინა ეს სამუშაო, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან პროექტი არასრულფასოვანი იყო და სხვა პროექტიც უნდა მოემზადებინათ. მხოლოდ გორელოვკამდე გაზის გაყვანა კომპანიისთვის მომგებიანი არ იყო“, – თქვა ანივარდ მოსოიანმა.
გაზიფიცირებისთვის გასულ წელს გამოყოფილი 600 000 ლარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვა მიზნებისთვის დახარჯა.
გაზგამანაწილებელი კომპანიის SJGC-ის დირექტორი ვრეჟ ბერიკიანი ამბობს, რომ წინასწარი შეთანხმება იყო, თუმცა მერიამ გამოყოფილი თანხის გამოყენება ვერ შეძლო.
„ამჟამად მოსახლეობა მილსადენის ასაშენებლად თანხებს ისევ აგროვებს, მაგრამ ჯერ მზად არ ვართ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. აირი არა მხოლოდ გორელოვკაში, არამედ ნინოწმინდაშიც უნდა გავიყვანოთ. სოფელ ეშტიიდან ახალი ხაზი უნდა ავაშენოთ, რომ გაზი გორელოვკასაც ეყოს. ამის ალბათობა არის, მაგრამ გამოსავალი – არა“, – განმარტა ვრეჟ ბერიკიანმა.
მისივე თქმით, პროექტის შემუშავებაზე დაახლოებით 40 000 ლარი დახარჯეს.
საკითხი – გაზიფიცირებული იქნება თუ არა გორელოვკა – ღიად რჩება, მაგრამ გაზიფიცირების პროექტის არსებობა იმედს გვაძლევს, საბოლოო გადაწყვეტილების და კონკრეტული ნაბიჯების არარსებობა კი უკან ხევს საქმეს.