სოფელ დადეშის გზაჯვარედინიდან ბოზალისკენ დაწყებული ახალქალაქი-კარწახის გზა თითქოს გათხრილია, ასფალტი ადგილ-ადგილ დაიბზარა და ქვიშა ამოვიდა, ზოგან უსწორმასწორო ადგილი წარმოიქმნა, რაც მანქანების მოძრაობას აფერხებს და ართულებს.
ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო საავტომობილო გზა 2010 წელს მოასფალტდა, 2015 წელს კი თურქეთთან საზღვარი კარწახიდან გაიხსნა. მას შემდეგ ამ გზის გასწვრივ უზარმაზარმა სატვირთო მანქანებმა დაიწყეს მოძრაობა, რომლებიც დიდ ტვირთებს ატარებდნენ. გზაზე ორმოებს პერიოდულად არემონტებდნენ, მაგრამ იგი ასეთ მდგომარეობაში ჯერ არ ყოფილა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გზაზე სატვირთო მანქანების ნაკადი გაიზარდა. 2022 წლის მაისში და მის შემდეგ, იყო დღეები, როდესაც ასობით სატვირთო მანქანა იდგა გზაზე. როგორც ჩანს იგი ასეთი დატვირთვისთვის არ იყო გათვლილი, ამიტომ ბევრგან იგი „გასკდა“.
ახალქალაქი-კარწახის გზაზე პასუხისმგებელი შპს “ჯავახ ავტო გზაა”. Jnews-ი კომპანიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რათა გზის ბედი გაერკვია.
კომპანიის დირექტორმა განაცხადა:
„გზატკეცილის მომსახურება ყველაფერზე ზრუნვას არ ნიშნავს. მას პერიოდულად არემონტებენ და მონაკვეთები მთლიანად იკეტება. ჩვენ მხოლოდ ორმოებს ვაკეთებთ და გზას ვემსახურებით. კაპიტალური გადაფარვა არ გვეხება. გაზაფხულზე მონაკვეთების შესახებ გრაფიკს შევადგენთ“.
JNEWS-ი საავტომობილო გზების დეპარტამენტში ეცდება გაარკვიოს, სრულყოფილად გაარემონტებს თუ არა სახელმწიფო გზის დაზიანებულ მონაკვეთს.