სოფლის განვითარების სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის დაფინანსების პროექტი დაიწყო. პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 6 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.
პროექტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზრუნავს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მიზანი თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ კოოპერატივებს შეუძლიათ. ახალქალაქში მაღალმთიანი რეგიონის ბენეფიციარებს შეუძლიათ 5 წევრითა და საერთო 10 ჰა მიწის ფართობით შექმნან კოოპერატივი. დაბალმთიან მუნიციპალიტეტებში კოოპერატივი მინიმუმ 10 წევრისა და საერთო 20 ჰა მიწის ფართობისგან უნდა შედგებოდეს.
შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ახალი (გამოუყენებელი) უნდა იყოს და შემდეგ პირობებს აკმაყოფილებდეს:
1. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლისა.
2. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა სააგენტოში განაცხადის შეტანიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს საგარანტიო პირობებში.
3. პროექტის პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. პოტენციური კოოპერატივის ბენეფიციარების რაოდენობა (გარდა მაღალმთიანი რაიონებისა) უნდა იყოს არანაკლებ 10.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში ბენეფიციარს ევალება:
შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი,
შეინარჩუნოს პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარების მინიმალური რაოდენობა,
შეინარჩუნოს პროგრამით განსაზღვრული მიწის მინიმალური ფართობი,
არ გაყიდოს ან არ გადასცეს სხვის საკუთრებაში პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა,
აღკვეთოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპორტი საქართველოს ფარგლებს გარეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიჰყვეთ ბმულს.