გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, ყველამ ერთად, მთელმა გუნდმა მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მუშაობის შედეგად შარშან იყო უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. მისი თქმით, 10.1 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში არის რეცესია, გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა.
„გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, ყველამ ერთად, მთელმა გუნდმა მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ომი. ეს არის ის მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩერდება, რომ რაიმენაირად გადმოსულიყო ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე პირდაპირ მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები. მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ისევ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ბევრი პროვოკაცია, რომელიც, სამწუხაროდ, მათ მიერ არ წყდება.
მინდა, ყველას, მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობარ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ამ ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება. ერთი რამ მინდა, ვთქვა, თქვენ უყურებთ, რომ ომის დაწყების დღიდან დღემდე, უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ათიათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ზოგი ამბობს, რომ ეს არის უკვე ტრილიონი დოლარი, ზოგი ამბობს – 700 მილიარდი, 800 მილიარდი დოლარი, ამას ვინ მოთვლის. რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ მოქალაქეები, ბავშვები. ამ ზარალს და დანაკლისს, ტკივილს ვერაფერი აღადგენს. ჩვენ ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რეალურად, უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს ომი რამენაირად გაჩერდეს, მხარეები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ეს, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი. ამის შედეგად, გარემო, რომელიც დღეს შექმნილია უკრაინასა და რეგიონში, მთელ მსოფლიოში, კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა.
შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ხალხს, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.