სომხეთის ტელეკომპანია „შანთზე“ მუსიკალური პროექტის „სახალხო მომღერლის“ მოსმენები და თეატრალური ეტაპები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნიდან აკოპ ოჰანიანმა გაიარა და უკვე ფინალში გავიდა. პროექტ „სახალხო მომღერალში“ სომეხი მომღერლები როგორც სომხეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ.
გასულ კვირას სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის „სახალხო მომღერლის“ ტრიო ეტაპი გაიმართა. ქასთინგისა და თეატრალური ეტაპის გავლის შემდეგ წალკელი აკოპ ოჰანიანი ჟიურიმ აირჩია და ფინალში 13 მონაწილესთან ერთად გადავიდა. შემდეგ ეტაპზე გადაწყვეტილებებს მაყურებლები იღებენ: ყველაზე ნაკლები ხმების მქონე მონაწილე პროექტს ტოვებს.
აკოპ ოჰანიანი წალკის რაიონის სოფელ ოზნიში დაიბადა და გაიზარდა, სწავლობდა სოფლის საშუალო სკოლაში. იგი 24 წლისაა. სიმღერით, ბაბუის გავლენით, ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. 18 წლის ასაკში ერევნის კულტურის სახელმწიფო კოლეჯში ჩაირიცხა, რის შემდეგაც მუსიკალური განათლება კომიტასის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო.
„ყოველთვის მქონდა იმის შიში, რომ მე, ისევე როგორც ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ვერ შევძლებდი სიმღერას, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი სფერო იყო და ოცნებას გავყევი. კონსერვატორიაში ჩემი მასწავლებელი არსენ გრიგორიანი იყო, რომლისგანაც ბევრი რამ შევითვისე. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარს, ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებში“, – ჰყვება აკოპი.
ის განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღნიშნავს, რომ მისი ოცნება მშობლიურ თემში მუსიკალური სკოლის გახსნაა, რაც რაიონის ბავშვებს მუსიკალურ სფეროს გააცნობდა.
მას შემდეგ რაც სოციალური ქსელებიდან პროექტის „სახალხო მომღერლის“ მეორე სეზონის დაწყების შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა ძალები მოესინჯა.
„მონაწილეობის მიღება ახლა გადავწყვიტე, რადგან პირველ სეზონში ვერ შევძელი. პროექტისგან ბევრს ველი. რამდენიმე ეტაპის გადალახვის შემდეგ ფინალში ვარ, რაც უკვე დიდი მიღწევაა. პროექტმა დიდი შესაძლებლობები მოგვცა: პროფესიონალებთან ვიმუშავეთ და მათგან ბევრი ვისწავლეთ, რაც ასევე მიღწევაა“, – განმარტავს აკოპ ოჰანიანი.
გმირს სურს ცნობილი და საზოგადოების საყვარელი მომღერალი გახდეს, საერთაშორისო სცენაზე გამოვიდეს და სომხური სიმღერა გააცნოს მათ. აღნიშნავს, რომ სომხური კულტურის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს, ის უნდა შევინარჩუნოთ, რათა სხვებმა არ მიითვისონ.
პროექტის „სახალხო მომღერლის“ წესების მიხედვით, ჟიურიმ 13 ფინალისტი უკვე აირჩია, ამ ეტაპის შემდეგ გალა-კონცერტების ტური დაიწყება, სადაც მაყურებელი მიიღებს გადაწყვეტილებას და ფავორიტს მისცემს. სომხეთიდან და მთიანი ღარაბაღიდან ხმის მიცემის ფორმისა და პროცედურების შესახებ Jnews-ი კენჭისყრის ფორმატისა და პროცედურების გასაჯაროების შემდეგ გაცნობებთ.