წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გზლქილისასა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები 6 დეკემბერს, წალკის მერიის შენობასთან ჰაიკაზუნ ბაბერციანის გარდაცვალების საქმის გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
100-მდე ადამიანი საგამოძიებო ორგანოებისგან დამნაშავეების დასაკავებლად ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვდა. მათ საუბარი მაჟორიტარ დეპუტატთან, წალკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, პოლიციის წარმომადგენლებთან სურდათ და პოლიციისგან საქმის გახსნას ითხოვდნენ.
აუდიტორიის თქმით, პოლიცია უმოქმედოა.
გარდაცვლილის ძმა, გევორგ ბაბერციანი აცხადებს, რომ ტელეფონით 7 დეკემბერს წალკაში მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
„ყურადღების მიქცევის მიზნით საქმე აიღეს. მათი თქმით, მუშაობენ, მაგრამ 10 თვე გავიდა, შედეგი არ ჩანს. თუ საქმე არ გაიხსნება, რუსთავში, სამინისტროში წავალთ და იქ გავმართავთ აქციას“, – განმარტა გევორგ ბაბერციანმა.
ჰაიკაზუნ ბაბერციანის ცხედარი გაუჩინარებიდან შვიდი თვის შემდეგ იპოვეს. მისი ნეშტი ერთი თვის წინ დაკრძალეს.
„როდესაც ცხედარი იპოვეს, მხოლოდ ძვლები იყო დარჩენილი. ექსპერტიზამ მისი ვინაობა დაადასტურა. დასკვნაში ეწერა, რომ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ფინანსურად ძლიერი იყო და, ვფიქრობ, ფულის გამო მოკლეს“, – აცხადებს გევორგ ბაბერციანი.
ჰაიკაზუნ ბაბერციანი მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გაუჩინარდა, ის სახლიდან საღამოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
33 წლის ჰაიკაზუნ ბაბერციანი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა
ფოტოს ავტორი – toktv.ge