ქალაქ ახალქალაქის საახალწლოდ მორთვისთვის ტენდერი შედგა და ახლა საბუთების შემოწმებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს. ტენდერში კუმურდონელმა ინდმეწარმემ სირაკან ზაქარიანმა გაიმარჯვა.
სატენდერო აუქციონის ფასი 60 000 ლარიდან 52 995 ლარამდე შემცირდა. ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმის თქმით, მუშაობისთვის მზად არიან და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე შეუდგებიან საქმეს.
“ყველაფერი ადგილზე გვაქვს. თბილისში განათებები და დიზაინერული მომსახურება შევათანხმეთ. ვეცდებით იმაზე უკეთესი გავაკეთოთ, ვიდრე ტენდერშია მოთხოვნილი. გვინდა ქალაქი ლამაზად იყოს მორთული. როცა ხელშეკრულება გაფორმდება, მუშაობას დავიწყებთ”,- განმარტავს კერძო მეწარმე სირაკან ზაქარიანი.
ტენდერი სხვადასხვა კონსტრუქციის, ქუჩის დეკორაციის, ფიფქებისა და ნაძვის ხის, გირლანდების, რომლებიც ხეებს დაამშვენებს, ქუჩის განათებებისა და ლენტების შეძენას ითვალისწინებს.
10 მეტრიანი ნაძვის ხე გირლანდით განათდება, ძველ სათამაშოებს კი ახლები დაემატება.
გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა ქალაქის გაფორმებისთვის 40 000 ლარი დახარჯა. დააორგანიზეს ასევე ძალიან საინტერესო საახალწლო ღონისძიებაც.