ახალქალაქის მერიამ წელს მთავარი საახალწლო ნაძვის ხის არა ცენტრალურ მოედანზე, არამედ ცენტრალურ პარკთან დამონტაჟება გადაწყვიტა.
Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის მერია საახალწლო დღესასწაულებისთვის ემზადება. ქალაქისა და საახალწლო ხის მორთვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, განაცხადების მიღების ვადა უკვე იწურება.
„წელს საახალწლო ნაძვის ხე თამარ მეფის ქუჩაზე, პარკსა და ფეხბურთის მოედანს შორის დამონტაჟდება, რადგან პარკში საკმარისი ადგილი არ არის. თუმცა ეს ტერიტორიაც მოირთვება. სცენა პარკში იქნება, მაგრამ ნაძვის ხე ქუჩის ცენტრში დამონტაჟდება, იქნება საკონცერტო პროგრამა, მაგრამ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ვნახოთ ტენდერში ვინ გაიმარჯვებს და ვინ მორთავს ქალაქს, დანარჩენი მერე გაირკვევა“, – განმარტა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვალერი სტელმაშოვმა.
საახალწლო ნაძვის ხის დამონტაჟება-მორთვის პერიოდში (სავარაუდოდ 2023 წლის 15 იანვარი) თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთი ჩარენცის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე გადაკეტილი იქნება.
2023 წლისთვის ახალქალაქის მორთვისთვის 60 000 ლარის ტენდერი გამოცხადდა, რომელიც სადღესასწაულო განათების, ატრიბუტების, ახალქალაქის 10 მეტრიანი ნაძვის ხის დეკორაციის შეძენას გულისხმობს. ხეს თავად დიზაინერი მორთავს. ტენდერში მონაწილეობისთვის განაცხადის მიღება 17 ნოემბრის 12:00 საათზე სრულდება. მითითებული საახალწლო პროდუქცია ადგილზე უნდა იყოს არაუგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრისა, ხოლო მორთული ნაძვის ხე – არაუგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბრისა. ტენდერი სხვადასხვა სახის კონსტრუქციისა და ქუჩის დეკორაციის, ფიფქებისა და ნაძვის ხის, გირლანდების, რომლებითაც ხეები მოირთვება, ქუჩის განათებებისა და ლენტების შეძენას ითვალისწინებს. 10 მეტრიანი ნაძვის ხე გირლანდით მოირთვება, ძველ სათამაშოებს კი ახლები დაემატება.
გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა ქალაქის მორთვისთვის 40 000 ლარი დახარჯა. დაორგანიზდა ძალიან საინტერესო საახალწლო ღონისძიებებიც.