13 ნოემბერს, ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში შემოდგომის მოსავლის დღესასწაული სიმღერითა და ცეკვით, საშემოდგომო კერძებით, ადგილზე გამომცხვარი ტრადიციული კარტოფილით აღნიშნეს.
ღონისძიება ახალგაზრდული ცენტრის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
გამოფინეს ყველა ის სასოფლო-სამეურნეო და ბახჩის კულტურა, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოჰყავთ.
გამოფენის მთავარი ექსპონატი კარტოფილი და მარცვლეული იყო.
ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელებმა ტრადიციული ღაფამა, ფოხინძი და პენირ პაპასი მოამზადეს. სადღესასწაულო სუფრაზე, ამ კერძებისა და ბოსტნეულის გარდა, სხვადასხვა სახის მწნილი და ჩირი იყო. რამდენიმე კერძი ცენტრის მოსწავლეებმაც მოამზადეს. პროცესს თან ახლდა სიმღერები, ცეკვები და ლექსები.
„ახალგაზრდებისთვის ეს ბევრს ნიშნავს; დროდადრო უნდა გავაცნოთ ეროვნული კერძები, ფოხინცი, პენირ პაპასი და სხვა, რათა თაობებს არ დაგვავიწყდეს“, – განმარტავს ახალქალაქის ახალგაზრდულიცენტრზე პასუხისმგებელი პირი კარინე თათევოსიანი.
ღონისძიების ბოლოს მომზადებული კერძები დააგემოვნეს.