ყირიმის ხიდის აფეთქების ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავეს, მათგან სამი სომეხია. „ინტერფაქსი“ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არტიომ აზატიანი, გეორგი აზატიანი, რომან სოლომკო, ვლადიმერ ზლობი და არტურ ტერჩანიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთი ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაში 8 დეკემბრამდე დარჩება.
სომხეთის საბაჟო სამსახურმა ყირიმის ხიდზე აფეთქებულ, სომხეთში განბაჟებულ ტვირთთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა დეტალურად აღწერა როდის და როგორ განხორციელდა აღნიშნული საქონლის იმპორტი და ექსპორტი. ტვირთის გადამტანი სატვირთოს მძღოლი ახალქალაქში მცხოვრები არტურ ტერჩანიანი იყო. სომხეთში განმარტეს, რომ სატვირთო მანქანას რამდენჯერმე ჩაუტარდა სხვადასხვა სახის შემოწმება და არცერთ მათგანს არ გამოუვლინდა რაიმე ეჭვი და შეუსაბამობა.
როგორც Jnews-ისთვის გახდა ცნობილი, არტურ ტერჩანიანმა საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა ახლო წარსულში დაიწყო. ახლობლებს არტურის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, მხოლოდ ის გაიგეს, რომ საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს.
რუსული სააგენტო TASS-ი რუსეთის FSB-ზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზატორი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი იყო, ასაფეთქებელი ნივთიერებები ოდესიდან ბულგარეთში საქართველოსა და სომხეთის გავლით გადაიტანეს.