ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ხუთი და უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე დააკავეს. ინციდენტში მონაწილე 12 პირი გამოვლინდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ინფორმაციას რუსეთის ფსბ ავრცელებს. რუსეთის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად მიიჩნევს, ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვას ასახელებს.
“ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი იყო, მათ შორის თანამშრომლები და აგენტებიც”, – აცხადებენ ფსბ-ში.
უკრაინულ მხარეს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
რუსული წყაროების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობა 22 პლატაზე, სამშენებლო პოლიეთილენის ფილებში, რულონებში დამალეს, რომელიც 22 770 კგ-ს იწონიდა და აგვისტოს დასაწყისში ოდესის საზღვაო პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში გაიგზავნა, საიდანაც იგი საქართველოში, ფოთში გადაიტანეს.
ბულგარეთიდან ქ. ფოთის (საქართველო) პორტში, შემდეგ კი სომხეთში ტვირთის გადატანის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ 1975 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ციურკალო მიხაილ ვლადიმიროვიჩი, 1979 წელს დაბადებული კოვაჩ დენიც ოლეგოვიჩი, 1971 წელს დაბადებული სოლომკო რომან ივანოვიჩი, საქართველოს მოქალაქეები – სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად “ლევანი” და 1985 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე ტერჩანიან არტური.
გამოძიების მიხედვით, ტვირთი ერევანში, ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წესების მიხედვით განბაჟდა. შემდეგ შეიცვალა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც სომხური კომპანია გზავნიდა, ხოლო მოსკოვის კომპანია საქონელს იღებდა.
4 ოქტომბერს, საქართველოში რეგისტრირებულ DAF-ის სატვირთო მანქანის ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი “ზემო ლარსის” გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა და 6 ოქტომბერს მიმღებს ჩაბარდა და გადმოიტვირთა კრასნოდარის მხარეში, არმავირის საბითუმო ბაზაზე.
“ამ წლის 7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქე ზლობ ვლადიმერ ვასილიევიჩის, 1987 წელს დაბადებული რ. სოლომკოს და რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქის დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნზე მითითებული იყო შპს “TEK-34″ (ქ. ულიანოვსკი), ხოლო მიმღებად ყირიმის რესპუბლიკის არარსებული კომპანია მიუთითეს”, – აცხადებენ FSB-ში.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, იმავე დღეს 1971 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქის მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანა პალეტებით დატვირთეს, “რომელიც ქალაქ სიმფეროპოლში გაემგზავრა, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბრის 06:03 საათზე, ყირიმის ხიდზე გადასვლისას აფეთქდა”.