დაცული ტერიტორიების სააგენტომ აპლიკაცია შექმნა, რომელიც დაცული ტერიტორიების დათვალიერებას ამარტივებს. თუმცა აპლიკაცია ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ჯერ არ მოიცავს.
აპლიკაციის პრეზენტაცია სამი კვირის წინ შედგა, მაგრამ საბოლოო დამუშავებას მაინც საჭიროებს.
აპლიკაცია მიმართულებებს აჩვენებს დაცული ტერიტორიებისკენ, რესტორნებისა და დასასვენებელი სახლებისკენ. ტურისტებს პუნქტების პოვნას გაუადვილებს და დაცული ტერიტორიები ხალხისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.
დანართში შედის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლები, ალგეთის ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები.
აპლიკაცია ორ ენაზეა – ქართულად და ინგლისურად. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის.
JNEWS-მა აპლიკაციის შესწავლის შემდეგ შენიშნა, რომ ჯავახეთის დაცული ტერიტორიები შეტანილი არ არის, ამიტომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დავუკავშირდით, სადაც გვითრეს, რომ აპლიკაცია ჯერ კიდევ მუშავდება.
„აპლიკაციას ბევრი ინფორმაცია აკლია, ყველაფერს ნელ-ნელა დავაინსტალირებთ. ბევრი ისეთი ტერიტორია, რომელიც უნდა დაემატოს – ყაზბეგი, თუშეთი და სხვ. ნელ-ნელა ვამატებთ და შესწორებები შეგვაქვს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აპლიკაციის საბოლოო ვერსია გაზაფხულის დასაწყისისთვის იქნება მზად“, – ირწმუნება დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი ნიკო თევდორაშვილი.