ნატო რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდისთვის შესაძლო მზადების ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ხედავს, მაგრამ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, – აღნიშნული განცხადება ალიანსის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ, რუსეთის ბირთვულ ძალებში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავთ, მაგრამ ნატო და ალიანსის წევრები ფხიზლად რჩებიან, ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან“, – განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლო მომზადების შესახებ. როგორც იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ წერდა, ნატოს დაზვერვა მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ უპილოტო წყალქვეშა აპარატ „პოსეიდონის“ გამოსაცდელად ემზადება.