საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს, აშოტ სმბატიანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
მინისტრმა ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.